ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა უმსხვილესმა კრიპტომაინინგ კომპანიამ, Core Scientific-მა ტეხასში ახალი Data-ცენტრის აშენება გადაწყვიტა, რომლის საინვესტიციო ღირებულება 1 მილიარდ 200 მილიონი დოლარი იქნება და პროექტის განვითარებაში კომპანია CoreWeave-იც ჩაერთვება.
როგორც ცნობილია, ახალი Data-ცენტრის მიზანი კომპანიის AI და Cloud მიმართულების განვითარება იქნება, რადგან Core Scientific-ს ბიზნესის დივერსიფიცირება სურს.
უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის გამოკვებას დამატებით 70 მეგავატის სიმძლავრე მოხმარდება, რაც კომპანიას ამ მიმართულებით ერთ-ერთ უმსხვილეს გლობალურ მოთამაშედ აქცევს.
ახალი ინვესტიციის განხორციელების გარდა, Core Scientific-მა აქამდე არსებული ინფრასტრუქტურის გაქირავების გადაწყვეტილებაც მიიღო, რომლის შედეგად, კომპანიის მფლობელობაში არსებული კომპიუტერული სიმძლავრის ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოკვებაზე წარიმართა, ნაცვლად კრიპტოვალუტების მაინინგისა.
თავად ამ შესაძლებლობას იმ მოცემულობა იძლევა, რომ კრიპტოაქტივების მაინერები უმძლავრეს კომპიუტერულ მოწყობილობებს იყენებენ, რომელთაც ორმაგი დანიშნულება გააჩნიათ და მათი გამოყენება AI-ოპერაციების ჩასატარებლადაც შეიძლება. თავად ზემოხსენებული საქმიანობა კი ამჟამად განსაკუთრებით სარფიანია, რადგან AI-ზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად იზრდება, რაც სპეციალურ Data-ცენტრებზე ზეწოლას ზრდის.
AI-ზე მოთხოვნის ზრდის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2024 წლის აპრილში ბიტკოინის ჰალვინგი მოხდა, ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება პირდაპირ განახევრდა, რაც მაინერების შემოსავლიანობაზე ნეგატიურად აისახა, ამიტომ Data-ცენტრების ოპერატორებს არაეფექტიანი მაინერების გამორთვა, ან მათი სხვა დანიშნულებით გამოყენება მოუწიათ, ერთ-ერთი დანიშნულება კი სწორედ AI-ს გამოკვებაა.
ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში Core Scientific-ის მსგავს გადაწყვეტილებებს სხვა მსხვილი მაინერებიც მიიღებენ, რადგან პორტფელის დივერსიფიკაცია ამჟამად მათთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.