მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კულაშის მარწყვი" გაფართოებას გეგმავს

5ad26b8aa7ee4
მაია ბიწაძე
15.04.18 10:30
6682
"კულაშის მარწყვი“ ქუთაისასა და ბათუმს წლის განმავლობაში 3-3,5 ტონა მარწყვით მოამარაგებს, ამის შესახებ Bm.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა გიორგი პატარიძემ განუცხადა. ეს მისი საოჯახო ბიზნესია, ოჯახმა მარწყვის სასათბურე მეურნეობა, ერთი წლის წინ, საკუთარი ძალებით მოაწყო და სამომავლოდ მის გაფართოებას გეგმავს. ამჟამად 500 კვ.მ ღია გრუნტზე, 2 ათასი ძირი მარწყვი, ხოლო 50 კვ.მ დახურული სათბურში, 500 ძირი მოჰყავთ. ეს ესპანური ჯიშის სანანდრიასის მარწყვია, რომელიც ყოველ მეორე თვეს ისხამს. მისი ფასი, სეზონის მიხედვით, კილოგრამის 4,5 -დან 15 ლარამდეა, ამჟამად კი 10 ლარი ღირს.

"ოჯახმა გადავწყვიტეთ ამ საქმიანობის წამოწყება ჩვენს სოფელში, კულაშში, რომელიც სამტრედიაშია. ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთეთ, ნერგებიც გამოგვყავს, რომელიც ამ სეზონზე სრულად გაიყიდა.

გაყიდვის პრობლემა არ არის ხარისხიანი მარწყვის, ჩვენ მოგვყავს ესპანური ჯიშის სანანდრიასის რემონტანტული მარწყვი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომის ნაყოფს იძლევა. ღია გრუნზე მოსავალი მარტიდან ნოემბრის ჩათვლით მოდის, ხოლო სათბურში, 16 გრადუს ტემპერატურაზე, ნაყოფს ზამთარშიც იძლევა და მთელი წელი მსხმოიარეა.

2018 წელს 3-3,5 ტონა მოსავალს ველოდებით, იმხელა მოთხოვნაა ქუთაისსა და ბათუმში, რომ თბილისის ბაზარზე ვეღარ ჩაგვაქვს, მარწყვი პირდაპირ ადგილიდან მიაქვთ. თბილისიდან დაგვიკავშირდნენ დისტრიბუტორები, მათაც სურთ მარწყვის შეძენა, ამიტომ გვინდა წარმოების გაფართოება.

სამომავლოდ ვაპირებთ პროდუქცია შევფუთოთ და "კულაშის ბრენდით“ გავყიდოთ. გვინდა ებრაელი ინვესტორებიც დავაინტერესოთ, რომლებიც კულაშში ოდითგანვე ცხოვრობდნენ და მათთან მოლაპარაკებები გვაქვს. გვინდა ეს დაბა ცნობადი გავხადოთ, რადგან ის ოდითგანვე მარწყვის მოსავლიანობით ცნობილია, კერძოდ, სამი სოფელი - კულაში, მელაური და მიწაბოგირა, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრება.

ვცდილობთ საგრანტო კონკურსებშიც მივიღოთ მონაწილეობა , გვინდა 200 კვადრატული ფართის სათბური მოვაწყოთ, სადაც თაროებზე 5 ათასი ნერგი დაეტევა. ამ ფართის სათბურის მოწყობას 15 ათასი ლარი სჭირდება, ნერგი ჩვენ თვითონ გამოგვყავს, ამიტომ მისი ყიდვა არ დაგვჭირდება“ - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები