„ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულება რუსეთის მიმართ გაცილებით უფრო მკაცრია“ - ასე უპასუხა კურტ ვოლკერმა ‘ანალიტიკის’ კითხვას, რომელიც მსოფლიოზე რუსეთის გავლენას შეეხებოდა.
კურტ ვოლკერი, რომელიც მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია და საქართველოში დაესწრო მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, საინტერესო სახელწოდებით - ‘მსოფლიო თავდაყირა’, ამბობს, რომ ობამას ადმინისტრაციის მიდგომამ - ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკამ არ იმუშავა; ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა კი რუსეთთან არა მხოლოდ უფრო მკაცრი, არამედ უფრო კომპლექსურიცაა და ეკონომიკურ სანქციებსაც ითვალისწინებს.
როგორ უნდა მოიქცეს საქართველო? - ამ კითხვაზე კურტ ვოლკერს ასეთი პასუხი აქვს: „მესმის, რომ პრაგმატული მიდგომა აქ აუცილებელია: რუსეთი თქვენი მეზობელია, სავაჭრო პარტნიორია, თუმცა საქართველოს ყოველთვის ესმოდა და უნდა ესმოდეს თავისი იდენტობა - სუვერენობა, უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა“.
შეიცვლება თუ არა დასავლეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ იმ ფონზე, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელსაც მმართველი ძალა უჭერს მხარს, ღიად ამბობს, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო? - ამ კითხვაზე მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ასე გვპასუხობს: „მთავარი კითხვა არ არის ვინ ისროლა ტყვია - მთავარი კითხვაა - სად არის ტყვია? ტყვია საქართველოს შიგნით არის. საქართველო თავის ტერიტორიას იცავს საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, საქართველომ პირველმა ისროლა თუ არა ტყვია, რადგან ეს თავდაცვაა იმის პარალელურად, როდესაც რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შემოდიან. ამდენად ეს კითხვა არ არის სწორი. სწორია კითხვა: საქართველო აგრესორია, თუ საქართველო თავს იცავდა. პასუხი აშკარაა: საქართველო თავს იცავდა, საკუთარ ტერიტორიაზე“.