მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

RAV4

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

BYD-მ Tesla-ს აჯობა - ევროპაში BYD-ის გაყიდვები 169%-ით გაიზარდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ჩინური გიგანტი BYD მომხმარებლების და ინვესტორების გაოცებას აგრძელებს. ამჯერად, ჩინურმა კომპანიამ ახალი რეკორდი ევროპაში დააფიქსირა, სადაც აპრილში 7,231 ავტომობილი გაყიდა, ანუ 169%-ით მეტი, ვიდრე შარშან.

თუმცა ეს მაჩვენებელი მეტად საინტერესო არის არა უშუალოდ რიცხვის, არამედ მისი მნიშვნელობის გამო, რადგან მიმდინარე წლის აპრილი გახდა ისტორიაში პირველი თვე, როცა ჩინურმა BYD-მ ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით ამერიკულ TESLA-ს აჯობა. ილონ მასკის კომპანიამ ამავე პერიოდში 7,165 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წლიურად 49%-იანი კლებაა.

საინტერესოა, რომ ყველაფერი ეს BYD-მ მოახერხა იმ რეალობაში, როცა ევროკავშირის ტარიფები ჩინური კომპანიის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე ის გადასახადი, რომელსაც ამერიკული კომპანია იხდის, რაც ნიშნავს, რომ BYD-ის ელექტრომობილების მიმართ ევროპელების მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. Tesla-ს მიერ ჩინეთში წარმოებულ EV-ებზე ევროპაში 7.8%-იანი ტარიფი მოქმედებს, როცა BYD 17%-ის გადახდა უწევს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუბსიდიების ფონზე ჩინურ კომპანიებს ელექტრომობილების წარმოება გაცილებით ნაკლები უჯდებათ, შესაბამისად ტარიფების და სხვა გადასახადების ზრდას ისინი მეტად უმტკივნეულოდ ეგუებიან.

Ford F-150 Lightning აშშ-ს ბაზარზე პირველობას იბრუნებს

მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ს Cybertruck-მა ამერიკულ ბაზარზე, 2023 წელს სწრაფად ჩამოიტოვა კონკურენტები და ლიდერი გახდა, 2025 წლის პირველ კვარტალში ლიდერობა ისევ Ford-ის ხელში გადავიდა. S&P Global Mobility-ის რეგისტრაციის მონაცემებით, მარტში F-150 Lightning-მა 2,598 ერთეული გაყიდა, ხოლო Cybertruck-მა – 2,170. მთლიანად პირველ კვარტალში Ford-ის პიკაპმა 7,913 ერთეული დააფიქსირა, ტესლას მოდელმა კი – 7,126.

ამასთან, Tesla-ს პოზიციები კვლავ ძლიერია, თუმცა Cybertruck-ის საწყისი აჟიოტაჟის შემდეგ მყიდველების ნაწილი ტრადიციული ბრენდებისკენ გადაერთო.

დეტალური სურათი პირველი კვარტლის გაყიდვებიდან:

Ford F-150 Lightning – 7,913 ერთეული;

Tesla Cybertruck – 7,126 ერთეული;

Chevy Silverado EV – 2,383 ერთეული;

GMC Sierra EV – 1,249 ერთეული;

Rivian R1T – 1,727 ერთეული;

გარდა ამისა, GM-მ გასწრო Ford-ს და გახდა აშშ-ის მეორე ყველაზე გაყიდვადი EV ბრენდი, თითქმის 8,500 რეგისტრაციით – ზრდა 274%-ია წინა წელთან შედარებით.

TOYOTA-მ ახალი RAV4 წარადგინა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა გიგანტმა, Toyota-მ საზოგადოებას ახალი თაობის RAV4 წარუდგინა, რომელიც ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი SUV-ია. მე-6 თაობის RAV4 სრულად ჰიბრიდულ არქიტექტურას ეფუძნება და მისი ძარა XA60-ის სახელითაა ცნობილი. ტრადიციულ ვერსიებთან ერთად, ახლა უკვე ხელმისაწვდომი იქნება ავტომობილის GR Sport ვერსია, რომელიც განსხვავებული ექსტერიერით, სპორტული სტილით, შეცვლილი ინტერიერით და მეტი სიმძლავრით გამოირჩევა. ახალი RAV4 ხელმისაწვდომი იქნება როგორ წინა წამყვანი, ასევე ოთხივე წამყვანი სისტემით. ძირითად აგრეგატად ყველასათვის კარგად ცნობილი 2.5 ლიტრის მოცულობის ძრავაა გამოყენებული, რომელსაც ჰიბრიდულ და Plug-in ვერსიებში განსხვავებული სიმძლავრე აქვს. კერძოდ, RAV4-ის სიმძლავრე 227-დან 321 ცხენის ძალის დიაპაზონში მერყეობს.


მთავარ სიახლეს რაც შეეხება, ეს Toyota-ს ახალი მულტიმედია, სისტემური უზრუნველყოფა და უსაფრთხოების სისტემაა, რომელიც გაცილებით სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანია, ვიდრე წინამორბედის. ავტომობილში სტანდარტულად ხელმისაწვდომი იქნება 10.5 დუიმის ან 12.9 დუიმის სენსორული ეკრანი, რომელიც ფიზიკურ ღილაკებთან ერთად ტანდემში მუშაობს.


ვიზუალური თვალსაზრისით, ახალი RAV4 უფრო თანამედროვედ და ფუტურისტულად გამოიყურება, ვიდრე აქამდე, თანაც ის პროპორციებით საკმაოდ ჰგავს ახალ Prado-ს და Camry-ის, რაც გასაკვირი არ არის, რადგან Toyota-ს ახალი ვიზუალური იდენტობა სწორედ ასე გამოიყურება.

მიხაელ შუმახერის Ferrari F2001-მა მონაკოში ახალი რეკორდი დაამყარა

2001 წლის ლეგენდარული Ferrari, რომელმაც მიხაელ შუმახერს მონაკოს გრან-პრიზე იმავე წელს გამარჯვება, საბოლოოდ კი რიგით მეოთხე მსოფლიო ჩემპიონობა მოუპოვა მონაკოში გამართულ Sotheby's-ის აუქციონზე $18.17 მილიონად გაიყიდა.
საბოლოო შეფასებით, Ferrari F2001, შასით 211, ყველაზე ძვირად გაყიდული F1-ის ბოლიდი გახდა, რომელსაც წარსულში ლეგენდარული გერმანელი პილოტი, მიხაელ შუმახერი მართავდა. შემოსული თანხა Keep Fighting Foundation-ის საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცემა, რომელიც 2013 წლის ტრაგიკული ინციდენტის შემდეგ, შუმახერის საქველმოქმედო მემკვიდრეობის გასაგრძელებლად შეიქმნა.

გამარჯვებული ბოლიდის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა აუქციონის სახლის დირექტორმა, ავგუსტინ საბატიე-გარატმა. გარატის თქმით, Sotheby's-ისთვის დიდ პატივს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შუმახერის ბოლიდი სწორედ მათ აუქციონზე გაიყიდა.

F2001 არ იყო უბრალოდ კიდევ ერთი ტიტულიანი Ferrari. ეს მოდელი 3-ლიტრიანი V10 ძრავით იყო აღჭურვილი და 825 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ბოლიდს შუმახერი და მისი თანაგუნდელი რუბენს ბარიჩელო მართავდნენ. F2001-ის სახელზეა 10 გამარჯვება, 13 პოლ-პოზიცია, სამი უსწრაფესი წრე და 2001 წლის სეზონში დაგროვებული 197 ქულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები