მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლაღიძის წყლების" აღდგენის საკითხი კვლავ გაურკვეველია

5b209dcbdf2ac
მაია ბიწაძე
13.06.18 09:00
1573
რუსთაველზე მდებარე უძრავი ქონების გამოსყიდვაზე, სადაც წლების განმავლობაში "ლაღიძის წყლები“ იყიდებოდა, თბილისის მერია ეხლანდელ მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ Bm.ge-ს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. როდის დასრულდება მოლაპარაკებები მათთვის უცნობია.

Bm.ge ლაღიძის ოჯახსაც დაუკავშირდა. თორნიკე ლაღიძემ, რომელიც მიტროფანე ლაღიძის შვილიშვილია, განაცხადა რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია და თავადაც მოლოდინის რეჟიმში არიან.

"სურვილი მაქვს რომ მაღაზია, რომელიც ბაბუაჩემის სახელობის იყო, ჩემს სიცოცხლეში ამოქმედდეს. საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ამ ადგილზე ,,ლაღიძის წყლები“ იყიდებოდა. თუ ადგილი დაგვიბრუნეს იქ ყველაფერი ისე აღდგება, როგორც თავაის დროზე მიტროფანე ლაღიძემ გააკეთა. ბაბუამ ეს ტერიტორია 1905 წელს შეიძინა, გაარემონტა და 1906 წელს უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა. ამის დამადასტურებელი საბუთები, ყველაფერი შენახული მაქვს. ბაბუამ 1926 წელს ეს ადგილი სახელმწიფოს თავისი სურვილით გადასცა და 2007 წლამდე ის კულტრულილი მემკვიდრეობის ძეგლი იყო, შემდეგ კი სახელმწიფომ გაყიდა. მას შემდეგ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა. იმ პროდუქციას, რაც ამჟამად იქ იყიდება, მიტროფანე ლაღიძის წყლებთან საერთო არაფერი აქვს “ - განაცხადა თორნიკე ლაღიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლაღიძის კაფის ისტორიულ ადგილზე აღდგენის სურვილი საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და შესაბამისი დავალება თბილისის მერს კახი კალაძეს მისცა.

რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს "ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას" საკუთრებაა. კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული.

ქვედა სართულზე კი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები