კანადელი მილიარდერი, ლორენს სტროლი ბრიტანულ Aston Martin-ში დამატებით £125 მილიონის ინვესტიციას დააბანდებს, რითაც საკუთარ წილს დაახლოებით 33%-მდე გაზრდის. სტროლი კომპანიის 75 მილიონ აქციას იყიდის და თითოეულ მათგანში 70 პენსს გადაიხდის, რაც საბაზრო ფასთან შედარებით მცირედ პრემიუმს წარმოადგენს.
უშუალოდ ავტომწარმოებელი კომპანიის გარდა, Aston Martin-ი საკუთარ წილს Formula 1-ის გუნდშიც ამცირებს, რომელსაც თავად ლორენს სტროლი აკონტროლებს. კონკრეტულად ვინ იყიდის Aston Martin-ის სარბოლო ბიზნესს, უცნობია, მაგრამ გამორიცხული არ არის, წილი კვლავ კანადელმა მილიარდერმა გაზარდოს, რაც სულ მცირე £74 მილიონი დაუჯდება.
ბრიტანული კომპანიის ეს გადაწყვეტილება ცუდ ფინანსურ შედეგებს და აგრეთვე ცუდ პროგნოზს უკავშირდება, მით უფრო რომ ვითარებას დონალდ ტრამპის მიერ იმპორტულ ავტომობილებზე 25%-იანი ტარიფი ამწვავებს. სიახლის გავრცელების ფონზე, Aston Martin-ის აქციების ფასმა 13%-ით იმატა, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში კაპიტალიზაცია მაინც 35%-ითაა შემცირებული.
მას შემდეგ, რაც 2020 წელს, კანადელი მილიარდერი Aston Martin-ში მხსნელად გამოჩნდა, მისმა ჯამურმა ინვესტიციამ £600 მილიონს გადააჭარბა. მას შემდეგ, კომპანიაში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის გამოჩნდა ახალი გენერალური დირექტორი. ეს თანამდებობა Bentley-ის ყოფილმა დირექტორმა, ედრიან ჰოლმარკმა დაიკავა. მას შემდეგ, კომპანიამ 2025 წლის მოგების პროგნოზი შეამცირა და სამუშაო ძალის 5%-ის გათავისუფლება გადაწყვიტა.