მაისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 34.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. ეროვნული ბანკის ცნობით, საერთაშორისო რეზერვებზე კლების მიმართულებით მოქმედებდა როგორც კომერციულ ბანკებთან, ასევე ხაზინასთან განხორციელებული ოპერაციები.
მაისში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.6 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1 პროცენტით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.4617- დან 2.4719-მდე შეიცვალა, ანუ 0.4 პროცენტით გაუფასურდა.
ეროვნული ბანკის ცნობით, სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ (ეროვნული ბანკის ინტერვენციების გარეშე) 124.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.8 მილიონი აშშ დოლარით (7 პროცენტით) მეტია წინა თვის ბრუნვაზე და 7.9 პროცენტით მეტია წინა წლის მაისის მონაცემზე.
იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 14 პროცენტით (წლიურად კი 27 პროცენტით) გაიზარდა. თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია. მაისში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია უმნიშვნელოდ შეიცვალა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 47 პროცენტი ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 50 პროცენტი უჭირავს.