მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაკა ასათიანი TI-ის: ეს უკვე ცდება ერთი ბიზნესის თუ ოჯახის მიმართ დანაშაულს

5b48ac998db85
BM.GE
13.07.18 17:43
2446
"საქართველოში მერსედესის წარმომადგენლობის“ და მაკა ასათიანის ადვოკატებსა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შორის გამართული დახურული შეხვედრის შემდეგ, მაკა ასათიანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც მის ადვოკატთან ერთად, მიმდინარე და სამომავლო ნაბიჯებზე ისაუბრებს.

"სრული გულწრფელობით ვამბობ, რომ ჩემდა სამწუხაროდ და გასაოცრად, მას შემდეგ, რაც მე “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მივმართე და ამით მივეცი შანსი, რომ ერთი მხრივ გამოესწორებინათ შეცდომა, ხოლო მეორე მხრივ ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის რეპუტაცია არ დაეყენებინათ კითხვის ნიშნის ქვეშ, ამ ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანებმა, არამც თუ გამოიყენეს, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინეს მათი კომპეტენტურობისა და ობიექტურობის შესახებ.

ამ ეტაპზე არ ვასაჯაროებ თქვენს მიერვე მოთხოვნილ - დახურულ კარს მიღმა შეხვედრის დეტალებს, მორალური და ზნეობრივი ფაქტორების გათვალისწინებით, თუმცა ჩემს ადამიანურ დამოკიდებულებასაც აქვს თავისი საზღვარი და საზღვრები უნდა გაგაჩნდეთ თქვენც, რადგან თქვენსავე შინაგან რწმენას, რომ არ ხართ მართლები, ადრე თუ გვიან ვერსად გაექცევით. შეცდომის დაშვება, ეს ერთი ეტაპია - საპატიებელი, ხოლო მეორე ეტაპი, როდესაც იცი თუ რა შეცდომა დაუშვი, შეგიძლია გამოასწორო, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არ აკეთებ. ეს უკვე დანაშაულია და იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა მისიის მატარებელია თქვენი ორგანიზაცია, ეს უკვე ცდება ერთი კონკრეტული ბიზნესის თუ ოჯახის მიმართ დანაშაულს.

ეს კი მე, როგორც ამ ქვეყნის საზოგადოების წევრს, მიჩენს ვალდებულებას, როგორც ერთხელ, ერთად თანადგომით მოვახერხეთ საზოგადოებამ გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა უსამართლო რეჟიმისგან, ახლაც კვლავ ვიბრძოლო და შეგახსენოთ, რომ მაშინ როდესაც ხდება უსამართლობა ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა ნებისმიერი პირის მიერ, მთავარი შემფასებელი, მაკონტროლებელი და განაჩენის გამომტანი, ქართული საზოგადოებაა და არა სხვა ვინმე, თუნდაც თქვენ.

ორშაბათიდან, მე ვიწყებ ჩემი დანაპირების შესრულებას - არასამთავრობოს ყველა იმ საერთაშორისო დონორ და დამფუძნებელ ორგანიზაციაში დავასაბუთებ ფაქტს, რომ ამ სახელმწიფოების მიერ, ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად გამოყოფილ ფულს, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები ტყუილების, ბიზნესზე ზეწოლის და უკვე არც იმას გამოვრიცხავ, რომ „შეკვეთების“ შესრულებაში ხარჯავენ.

ჩემი ოჯახის რეპუტაციისა და პირადი ბიზნესის ინტერესების მიღმა, გაცილებით დიდ საფრთხეს ვხედავ. ასეთი „მონიტორინგის განმახორციელებელი“ არ სჭირდება ჩემს ქვეყანას, თუ ისინი ანალოგიურად იქცევიან სხვა კვლევებშიც, ეს ნამდვილად არ უნდა შედიოდეს არც ჩვენი და არც მათი დამფინანსებელი სახელმწიფოების ინტერესებში.
არავის შევარჩენ, როგორც ჩემი ოჯახის, ასევე ქვეყნის მიმართ უსამართლობას. არ შემოვიფარგლები მხოლოდ სასამართლო დავით, მთელ ჩემს საერთაშორისო რესურს გამოვიყენებ, რათა, სახელმწიფოებს და მათ საელჩოებს საქართველოში რეალურად გამჭვირვალედ დავანახო, თუ რა ხდება აღნიშნული ორგანიზაციის შიგნით.
ჩემი ამ განცხადების სამართლებრივ დასაბუთბას ჩემი ადვოკატი გიორგი გვენეტაძე გაგაცნობთ“, - განაცხადა ასათიანმა.

მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ დახურული შეხვედრის საბოლოო შედეგზე ისაუბრა და მაკა ასათიანის ოჯახის მიერ საკითხის სამომავლო, სამართლებრივ გაგრძელებაზეც ისაუბრა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ 5 ივლისს გამოქვეყნებულ კვლევას „კორუფციის რისკები სასამართლო სისტემაში“, სადაც ერთ-ერთი და ჯერ კიდევ სასამართლოში მიმდინარე ერთადერთი საქმე, „მერსედესის წარმომადგენლობა საქართველოში“-ს (შპს „აკა“) დავა, მიკერძოებულად აქვთ განხილული. ორგანიზაციამ საკითხის ცალმხრივად შესწავლისთვის ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა, ამასთან, უარი თქვა საკითხის ღია და გამჭვირვალე განხილვაზე და მხოლოდ დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე დაგვთანხმდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები