მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მალე Meta-ს კოდის უდიდეს ნაწილს AI დაწერს - ცუკერბერგი

meta ai

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში კომპანიის კოდის უმეტესი ნაწილი AI-აგენტების მიერ იქნება დაწერილი. ეს პროგნოზი მან LlamaCon კონფერენციაზე გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ AI უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს Meta-ს კოდის შექმნასა და ტესტირებაში, განსაკუთრებით Llama-მოდელების განვითარებაში.

ცუკერბერგის თქმით, Meta-ს მიზანია, რომ AI აგენტები არა მხოლოდ კოდის წერაში, არამედ მისი ტესტირებისა და ოპტიმიზაციის პროცესშიც აქტიურად ჩაერთონ. ამჟამად, ხელოვნური ინტელექტი უკვე გამოიყენება სარეკლამო რეიტინგებისა და სიახლეების შეფასების პროცესში, სადაც ის შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს.

უნდა აღინიშნოს, სხვა ტექნოლოგიური გიგანტებიც აქტიურად იყენებენ AI-ს კოდის გენერირებისთვის. Microsoft-ის გენერალურმა დირექტორმა, სატია ნადელამ აღნიშნა, რომ კომპანიის ზოგიერთი პროექტის კოდის 20-30% უკვე AI-ს მიერ იქმნება, ხოლო Google-ის გენერალურმა დირექტორმა, სუნდარ პიჩაიმ განაცხადა, რომ მათი ახალი კოდის 30%-ზე მეტი AI-ს მიერ გენერირდება.

AI-ის როლის ზრდა კოდის შექმნაში არა მხოლოდ პროდუქტიულობას ზრდის, არამედ კომპანიების ოპერირების სტრუქტურაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, Salesforce-მა 2025 წლისთვის ინჟინრების აყვანის პროცესში შეაჩერა. ამავდროულად, Stripe-მა დეველოპერების რაოდენობის შემცირება გადაწყვიტა, რადგან მათ საქმეს უკვე AI აკეთებს.

მიუხედავად ამისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ ადამიანური კაპიტალი მომავალშიც აუცილებელი იქნება, თუმცა დრამატულად შემცირებული რაოდენობით. მაგალითად, Microsoft-ის ტექნიკურმა დირექტორმა, კევინ სკოტმა პროგნოზი გააკეთა, რომ 2030 წლისთვის კოდის 95% AI-ს მიერ დაიწერება, თუმცა ადამიანებს მნიშვნელოვანი როლი ექნებათ პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინსა და მიზნების განსაზღვრაში.

ცუკერბერგის პროგნოზი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებში AI-ის ინტეგრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მალე ხელოვნური ინტელექტი დეველოპერების უდიდეს ნაწილს ჩაანაცვლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები