საოჯახო მარანმა ,,ხვთისია“ ბიოღვინის წარმოება ოთხჯერ გაზარდა, ამის შესახებ Bm.ge-ს მარნის დამფუძნებელმა, ზურაბ ხვთისიაშვილმა განუცხადა, რომელმაც მარანი, ოჯახის წევრებთან ერთად, პაპა-ბებიის კუთვნილ კარმიდამოში გააკეთა. ღვინოს ერთ ჰექტარზე მოწეული ყურძნის მოსავლით ამზადებენ, რომელიც კახეთში საუკეთესო მიკროზონაშია გაშენებული.
,, ვენახები სოფელ კარდენახში, ახოების მიკროზონაში გვაქვს, სადაც საფერავის და რქაწითელის ჯიშის ვაზია გაშენებული. ღვინის წარმოება 2015 წელს დავიწყეთ. ვენახები ახალშენია და ყოველწლიურად იზრდება მოსავლის რაოდენობა და შესაბამისად ღვინის რაოდენობაც. ვაზს ბიოწესებით ვუვლით.
ვაპირებთ ძველი კახური ჯიშების გაშენებას. ახოებში განსაკუთრებით კარგი ხარისხის საფერავი და ხიხვი მოდის, საფერავი უკვე მაქვს და ვაპირებ ხიხვის დამატებასაც. ასევე, ძალიან მინდა გავაშენო კახური მცვივანი, რომელიც მცირე რაოდენობითაა შემორჩენილი.
ღვინო ბოთლში პირველად შარშან ჩამოვასხით, 2016 წლის მოსავალი, სულ 250 ცალი, წელს 1000 ბოთლამდე გავზარდეთ წარმოება და ყოველწლიურად კიდევ გავზრდით.
ჯერ-ჯერობით ჩვენს პროდუქციას თბილისში, ღვინის ბარებში და სპეციალიზებულ მაღაზიებში ვყიდით: ანდერგრაუნდში, ჯივინოში და სხვა. ბოთლის ფასი 20-დან 30 ლარამდეა, ჯიშისა და ღვინის ხარისხის მიხედვით, შარშანდელი მოსავალი ძალიან მაღალი ხარისხის გამოვიდა „- განაცხადა ზურაბ ღვთისიაშვილმა.
როგორც მეღვინე განმარტავს, სამომავლოდ, როდესაც წარმოების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდიან, პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანენ.