თიბისი კაპიტალის მომხმარებელთა დანახარჯების მარტის თვის მიმოხილვის მიხედვით, თიბისი ბანკის არხების მიხედვით, მომხმარებლებმა მეტი უნაღდო დანახარჯი გასწიეს და მეტი ტრანზაქცია შეასრულეს, ვიდრე 2024 წლის მარტში.
ამ პერიოდში ჯამური უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 19%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 15%-ით გაიზარდა.
რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის თიბისი ბანკის არხებით ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ, შესაბამისად 88% და 12% შეადგინა.
მიმოხილვის მიხედვით, დასვენების სექტორში, კერძოდ კი სასტუმროებში, მომხმარებლების დანახარჯები წლიურად 16%-ით გაიზარდა, რაც არარეზიდენტების გაზრდილი დანახარჯებით იყო განპირობებული. სასტუმროებში არარეზიდენტების საშუალო დანახარჯი დაახლოებით 3-ჯერ აღემატებოდა რეზიდენტების საშუალო დანახარჯს ამ თვეში.
რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 38%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 30 ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში, რესტორნებში არარეზიდენტების საშუალო ხარჯვა თითქმის 4-ჯერ აღემატება რეზიდენტების მაჩვენებელს.
ამასთან, მომხმარებლებმა 30%-ით მეტი დახარჯეს ტანსაცმელსა და აქსესუარებზე. ხაზგასასმელია არარეზიდენტების დანახარჯების საგრძნობი, 51%-იანი ზრდა, თუმცა ჯამურ დანახარჯებზე მათი გავლენა, სექტორის მცირე წილის გამო, დაბალია.
ამავე დროს, თიბისი ბანკის არხებით მთლიან უნაღდო დანახარჯებში რესტორნებსა და სურსათზე დახარჯულმა წილმა შესაბამისად 14% და 29% შეადგინა.
მხოლოდ სურსათზე უნაღდო დანახარჯებში წლიური 27%-იანი ზრდა დაფიქსრიდა. საშუალო ტრანზაქციის ზომა კი 16 ლარს გაუტოლდა. მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 7% მიაღწია.