მედიაში გავრცელებული ცნობების შემდეგ, რომ ილონ მასკმა ვერ მოახერხა აშშ-ის პრეზიდენტის გადარწმუნება არ დაეწესებინა ტარიფები, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა დონალდ ტრამპის მრჩეველს ვაჭრობის საკითხებში, პიტერ ნავაროს იდიოტი უწოდა.
მანამდე ნავარომ CNBC-ის ეთერში მასკზე თქვა, რომ მანქანების მწარმოებელი კი არა ამწყობია, ამით მიანიშნა, რომ მასკის კომპანია Tesla-ს მანქანის ნაწილები მათ შორის, ბატარეები ჩინეთიდან და იაპონიიდან შემოაქვს. ჩინეთის საპასუხო ტარიფების პირობებში კი Tesla-ს იმპორტი უძვირდება.
მანამდე ილონ მასკმა არაერთხელ დაუჭირა მხარი თავისუფალ საერთაშორისო ვაჭრობას. იტალიური ულტრამემარჯვენე პარტია Lega Nord-ის კონგრესზე მიმართვისას, მან აშშ-სა და ევროპას მოუწოდა სავაჭრო ტარიფები გაანულონ.
დღეს, 8 აპრილს, ტრამპი უარი თქვა ევროკავშირის შეთავაზებაზე ნულოვანი ტარიფი დაწესდეს მანქანებსა და ინდუსტრიულ პროდუქციაზე. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიანიშნა, რომ თებერვალში შეთავაზებული წინადადება ნულოვანი საბაჟო გადასახადის ვაჭრობაზე აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არ გაიზიარა.
"ევროკავშირთან 350 მილიარდი დოლარის მოცულობის დეფიციტი გვაქვს", - უთხრა ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტში ტრამპმა და დაამატა, რომ ეს დეფიციტი მალე გაქრება თუ ევროკავშირი ამერიკულ ენერგორესურსებს იყიდის.