სწრაფი კვების გლობალური ლიდერი კომპანია, ამერიკული McDonald’s-ი გაფართოებას აგრძელებს, რისთვისაც 2025 წლის ზაფხულში 375,000 თანამშრომელს აიყვანს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოთხოვნის მკვეთრ ზრდას უკავშირდება, რომელიც ზაფხულის თვეებში ფიქსირდება. თანამშრომლების დიდი კოჰორტა McDonald’s-ში ამ დრომდეც აუყვანიათ, მათ შორის 2020 წელს, მაგრამ მაშინ კომპანიამ რესტორნების კარები 260,000 თანამშრომელს გაუხსნა.
თავად McDonald’s-ი აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი დამსაქმებელია. როგორც კომპანიაში ამბობენ, ყოველი რვა ამერიკელიდან ერთს ცხოვრების განმავლობაში McDonald’s-ში აუცილებლად უმუშავია. აღნიშნულს McDonald’s-ის ბიზნესმოდელი და რესტორნების რაოდენობა განაპირობებს, აგრეთვე კომპანიის თანამშრომლების სწრაფი ცვლა, რაც ამ სექტორისთვისაა დამახასიათებელი. დღეს, McDonald’s-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $223 მილიარდია, ანუ ის უდიდესი სარესტორნო ქსელია მსოფლიოში, რომელიც მეორეადგილოსან Chipotle-ს ერთბაშად $155 მილიარდით უსწრებს.
ამერიკული მედიის თანახმად, McDonald’s-ის ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკასთან. პრეზიდენტის სიყვარული McDonald’s-ის საკვებისადმი ისედაც ცნობილია, მაგრამ ამ შემთხვევაში საყურადღებო ფიგურად აშშ-ის ჯანდაცვის მდივანი, რობერტ ფრენსის კენედი უმცროსი რჩება, რომლის ერთ-ერთი მიზანი “ამერიკის გაჯანსაღებაა”. შედეგად, ამერიკული McDonald’s-ის ეს პოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის ნორმალიზების წინაპირობადაა მიჩნეული. საინტერესოა, რომ McDonald’s-მა პრეზიდენტის საინაუგურაციო ფონდში $1 მილიონი ჩარიცხა.