მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
EN
Loading data...

მებოცვრეობამ "ჩემი რანჩო" ახალი ფერმა აამუშავა

მებოცვრეობამ "ჩემი რანჩო" ახალი ფერმა აამუშავა, რამაც კომპანიას წარმადობის გაორმაგების საშუალება მისცა, ამის შესახებ Bm.ge-ს ფერმის დამფუძნებელმა, ვანო იოსელიანმა განუცხადა. მისი განმარტებით, მომავალი წლის თებერვლიდან საქართველოს ბაზარს ორჯერ მეტ კურდღლის ხორცს მიაწვდიან, რაც საშუალოდ თვეში 8-10 ტონა იქნება.

ფერმის მშენებლობაში კომპანიამ მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ახალი ფერმა არსებულის გვერდით გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში განთავსდა და იტალიური ფირმის Meneghin ტექნიკით აღიჭურვა, რომელიც ამ სფეროში მსოფლიოში ცნობილი მწარმოებელია.

"ახალი ფერმა უკვე გავუშვით ექსპლუატაციაში, ჩამოვიყვანეთ საჯიშე ბოცვრების ახალი გუნდი და მიმდინარეობს ინტენსიური მოშენება. ახალი სიმძლავრეები თებერვლიდან ჩაირთვება. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს ჯიში საფრანგეთიდან, უშუალოდ Hicol-ის სელექციური ცენტრიდან ჩამოვიყვანეთ. გარდა ამისა, ჩამოვიყვანეთ სადედე ბოცვრების გამოსაყვანი გუნდიც, რაც საშუალებას მოგვცემს, საჯიშე ბოცვრებიც ჩვენს ფერმაში გამოვიყვანოთ და იმპორტი ჩავანაცვლოთ, ამის ფუფუნება ბევრ ქვეყანას არ აქვს", - განუცხადა Bm.ge-ს ვანო იოსელიანმა.

მისივე განმარტებით, Hicol-ის მეხორცული ჯიში საუკეთესო თვისებებით გამოირჩევა და გამძლეა.

"მისი მაქსიმალური წონა 8-10 კილოგრამია, თუმცა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ჩვენ მას ვყიდით, როდესაც 1,5-1,7 კილოგრამს მიაღწევს. პროდუქცია ყველა მსხვილ სავაჭრო ქსელში იყიდება. ექსპორტზე ამ ეტაპზე არ ვფიქრობთ, რადგან ქართული ბაზარია ასათვისებელი, ფოკუსირებას ვაკეთებთ იმაზე, რომ ადგილობრივი მოხმარება გავზარდოთ და ტრადიციულ კერძებში გადავიტანოთ ბოცვრისგან მომზადებული კერძები", - განაცხადა ვანო იოსელიანმა.

კომპანიამ პირველი ფერმა 2016- 2017 წელს ააშენა და მასში 1,5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო. ვანო იოსელიანის თქმით, ეს არ იყო მხოლოდ ფერმა, რადგან ის კომპლექსურად გაკეთდა, მოაწყვეს თანამედროვე სტანდარტების სასაკლაო და ლაბორატორია ხელოვნური განაყოფიერებისათვის.

როგორც იოსელიანი განმარტავს, სამომავლოდ კიდევ გეგმავენ გაფართოებას. ასევე აპირებენ წარმოების დივერსიფიცირებას და კურდღლის ხორცის გარდა, ბაზარს სხვა პროდუქტებსაც შესთავაზებენ. ამისთვის უახლოეს 2-3 წელში 5 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, თუმცა რა ახალი პროდუქტის წარმოებას გეგმავს "ჩემი რანჩო", ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები