მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Microsoft-ის აქციონერებმა ბიტკოინში ინვესტირების იდეას მხარი არ დაუჭირეს

მაიკლ სეილორი

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, ამერიკული Microsoft-ი ბიტკოინში ინვესტირებას, სულ მცირე, ამ დროისთვის, არ გეგმავს — ასეთია Microsoft-ის აქციონერების პასუხი მაიკლ სეილორს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში Microsoft-ის აქციონერების ონლაინშეხვედრა გაიმართა, რომელზედაც MicroStrategy-ის დამფუძნებელი სიტყვით გამოვიდა და ტექნოლოგიური გიგანტის მეწილეებს კომპანიის აქტივების ნაწილის ბიტკოინში ინვესტირებისკენ მოუწოდა.

როგორც ირკვევა, აქციონერებს არ სჯერათ, რომ ბიტკოინის შესყიდვა კომპანიას იმაზე დიდ მოგებას მოუტანს, ვიდრე ტექნოლოგიური გიგანტის პორტფელში არსებული სხვა აქტივები.

ამერიკელი მილიარდერი, რომლის კომპანია ბიტკოინის ერთ-ერთი უდიდესი კორპორაციული შემსყიდველია და $40 მილიარდის ღირებულების 402,000-მდე მონეტას ფლობს, ბიტკოინში ინვესტირებისკენ მოუწოდებს არამხოლოდ Microsoft-ის აქციონერებს, არამედ სხვა ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Amazon-ის მეწილეებს. გამოდის, რომ MicroStrategy, რომელიც საჯარო კომპანიაა, ბიტკოინის გლობალური მიწოდების 2%-ს ფლობს. მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ხოლო თავად კრიპტოვალუტის ფასი $10 მილიონამდე გაიზრდება.

როგორც მაიკლ სეილორმა Microsoft-ის აქციონერებს უთხრა, მომდევნო ოცდაერთ წელიწადში, ბიტკოინის საბაზრო კაპიტალიზაცია $200 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც დაახლოებით $90 მილიარდით მეტია, ვიდრე 2024 წლის მონაცემებით დათვლილი გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი. მაიკლ სეილორმა განაცხადა ისიც, რომ ბიტკოინმა Microsoft-ის აქციებზე 10-ჯერ უკეთესი შედეგი უკვე დააფიქსირა და ეს ტენდენცია, მისი თქმით, მომავალშიც გაგრძელდება. საინტერესოა, რომ კრიპტობირჟაზე გამოჩენის შემდეგ, ბიტკოინის ფასი თითქმის 159 მილიონი პროცენტით არის გაზრდილი, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად მაიკლ სეილორზე და MicroStrategy-ზე, რომელიც ანტრეპრენიორმა 1989 წელს დააფუძნა. MicroStrategy საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. რეალურად, MicroStrategy პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს ანალიტიკის, დეველოპმენტის და ქლაუდის სერვისებს სთავაზობს. კრიპტოვალუტებში ინვესტირება MicroStrategy-მ 2020 წლის აგვისტოში დაიწყო, როცა 21,454 ბიტკოინი შეიძინა, რაშიც $250 მილიონი გადაიხადა. მას შემდეგ, კომპანია ბიტკოინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური შემსყიდველი გახდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაიკლ სეილორის შემოთავაზებაზე უარის თქმა, ა პრიორი, კრიპტოვალუტების შესყიდვაზე უარის თქმას არ ნიშნავს. Microsoft-ის აქციონერები დიდი ინსტიტუციური ინვესტორები, მათ შორის BlackRock-ი, State Street-ი და Fidelity არიან, რომლებიც კრიპტოაქტივებში ისედაც აქტიურად ინვესტირებენ და საფონდო ბირჟაზე დალისტულ სავაჭრო ფონდებს ფლობენ. ამასთან, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ბიტკოინის ფასი, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 140%-ით გაიზარდა და წელს, ისტორიული რეკორდი — მონეტაზე $105,000 დააფიქსირა.

ბიტკოინის საყოველთაო აღიარების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ფაქტორი. მას შემდეგ, რაც ამერიკის მოსახლეობამ მომავალ პრეზიდენტად კრიპტოვალუტების მიმართ დადებითად განწყობილი დონალდ ტრამპი აირჩია, გლობალური კრიპტობაზრის კაპიტალიზაციამ, დღევანდელ ფასებში, 55%-ით, ბიტკოინის ფასმა კი 50%-ით იმატა. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დროს აშშ-ში საკმაოდ ინოვაციური იდეები დაიბადა, მათ შორის ბიტკოინის სტრატეგიული სახელმწიფო რეზერვის შექმნა, რაც, თუ მოხდა, გლობალურ ფინანსურ სისტემას სამუდამოდ შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები