მსოფლიო ტექნოლოგიური გიგანტის, Microsoft-ის ხელმძღვანელობამ 9,100 თანამშრომლის, დასაქმებულთა 4%-ის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი შემცირებაა. აქვე უნდა ითქვას, რომ Microsoft-მა თანამშრომლები გასული ორი თვის განმავლობაშიც დაითხოვა. კერძოდ, მაისის თვეში 6,000, ხოლო ივნისის თვეში 300 ადამიანი.
მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე მეტად მარკეტინგის გუნდსა და კომპანიის ერთ-ერთი ლეგენდარული მიმართულების, Xbox-ის დეველოპერებს შეეხება. როგორც ჩანს, ტექ-გიგანტი სტრატეგიული ხედვის ხელოვნურ ინტელექტზე გადართვის ფონზე დამატებით სახსრებს საჭიროებს, რომელთა მოძიებასაც, ამჯერად, ამ ორი მიმართულების შეზღუდვის ხარჯზე აპირებს.
Xbox-ის მიმართულების ხელმძღვანელმა, ფილ სპენსერმა დაადასტურა, შემცირება უკვე დაიწყო და ის მხოლოდ რიგით თანამშრომლებს არ შეეხება. პირველი ეფექტი იგრძნო Candy Crush-ის შემქმნელმა სტუდიამაც, რომელსაც 200 დასაქმებულის განთავისუფლება მოუწია. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია და ევროპის მასშტაბით სხვა არაერთი სტუდია, მათ შორის ZeniMax-ი და Activision Blizzard Studio-ც დაკარგავენ თანამშრომლებს. ზოგიერთი შეფასებით, Microsoft-ი გეიმინგ-მიმართულებისთვის გამოყოფილი სამუშაო კვოტის 2000-ით შემცირებას გეგმავს. გარდა ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის თანხების მობილიზებისა, კომპანიას სურს, შეამციროს ზედმეტი დანახარჯები, რათა სათამაშო მიმართულებიდან უფრო დიდი მოგება ნახოს და Xbox-ის ახალი თაობის კონსოლის გამოსვლის ფონზე ყურადღება ისეთ თამაშებზე გაამახვილოს, რომელთაც ყველაზე მეტი შემოსავალი მოაქვთ კომპანიისთვის.
აღსანიშნავია, რომ გამოცხადებული შემცირების მიუხედავად, Microsoft-ი თავის გათავისუფლებულ თანამშრომლებზე პასუხისმგებლობას არ იხსნის. მათ დახმარების სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს. მათ შორის ჯანმრთელობის დაზღვევას, ახალი სამსახურის მოძიებაში ხელშეწყობას და, რიგ შემთხვევებში, Microsoft Gaming-ში ახალ პოზიციებზე დასაქმებას. გამოცხადებული რესტრუქტურიზაცია ადასტურებს, თუ რამდენადაა ინდუსტრიის ფოკუსი გადასული ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. Microsoft-იც, მსგავსად სხვა ტექ-გიგანტებისა, კონცენტრირებულია რესურსების გამოთავისუფლებაზე და არსებულ კონკურენციაში საკუთარი ძლიერების წარმოჩენაზე, ამას კი კომპანია ხარჯების შემცირების გარეშე ვერ მოახერხებდა.