საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ტექნიკური კორექცია გრძელდება. მას შემდეგ, რაც გასულ კვირას დონალდ ტრამპმა 180-ზე მეტ ქვეყანას ტარიფები დაუწესა, ინვესტორებმა აქტივების გაყიდვა დაიწყეს, რასაც საფონდო, სასაქონლო და კრიპტობირჟის ჩამოშლა მოჰყვა. ბოლო სამ დღეში, კაპიტალის ბაზრებიდან რამდენიმე ტრილიონი დოლარი გავიდა, რაც ინვესტორებს შორის არსებულ მკვეთრ პანიკაზე მიუთითებს.
გამომდინარე იქიდან, რომ საფონდო ინდექსები, უმეტესწილად, მსოფლიოს უდიდესი კომპანიებისგან შედგება, ყველაზე მკვეთრად ფასების ცვლილებას სწორედ ეს კომპანიები და მათი დამფუძნებლები გრძნობენ. თან, ბოლო დღეების ვარდნა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე მსოფლიოს ათ უმდიდრეს ადამიანს შორის მხოლოდ ერთმა იხეირა. ეს ადამიანი უორენ ბაფეტია, რომელმაც წლის დასაწყისიდან $12.7 მილიარდი იშოვა.
ბოლო სამ დღეში, მსოფლიოს ათმა უმდიდრესმა ადამიანმა ჯამში $341.1 მილიარდი დაკარგა, რაც ასეთ მოკლე პერიოდში კლების ერთ-ერთი ანტირეკორდია. აბსოლუტურ რიცხვებში, ყველაზე მეტად მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გაღარიბდა, რომლის ქონებამ $130 მილიარდით იკლო. რეალურად, ილონ მასკი ის ადამიანია, რომელმაც ბოლო დღეებში პლანეტაზე ყველაზე მეტი ფული დაკარგა.
საერთო ჯამში, წლის დასაწყისიდან დღემდე ყველაზე მეტად გაღარიბებული მილიარდერების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:
#1 — ილონ მასკი
1-ელი იანვრის შემდეგ: -$130 მლრდ
ქონება: $302 მლრდ
#2 — ჯეფ ბეზოსი
1-ელი იანვრის შემდეგ: -$45.2 მლრდ
ქონება: $193 მლრდ
#3 — ლარი ელისონი
1-ელი იანვრის შემდეგ: -$42.1 მლრდ
ქონება: $150 მლრდ
#4 — მაიკლ დელი
1-ელი იანვრის შემდეგ: -$36.2 მლრდ
ქონება: $87.4 მლრდ
#5 — ლარი პეიჯი
1-ელი იანვრის შემდეგ: -$34.6 მლრდ
ქონება: $134 მლრდ