ევროპულ ქვეყნებშიც მიწისქვეშა პარკინგის სუბსიდირება ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიზნესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მერიის ეკონომიკურმა სამსახურმა კერძო სექტორს მუნიციპალიტეტის მიერ მომზადებული საინვესტიციო პროექტები გააცნო.
მერიამ ბიზნესს 6 პროექტი შესთავაზა: რადიოქალაქი, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი, მიწისქვეშა პარკინგი, თბილისის ანძაზე ტურისტული ლოკაციის მოწყობის პროექტი, თბილისის ქუჩებში Led განათებების დამონტაჟებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროექტები.
"ზოგადად მიწისქვეშა პარკინგი ყველგან მსოფლიოში, შეიძლება ითქვას, ბიზნესისთვის არ იყოს იმდენად საინტერესო, ვიდრე სხვა პროექტები. ეს არის გრძელვადიანი პროექტი. ზოგადად ევროპულ ქვეყნებშიც ხდება მისი სუბსიდირება მუნიციპალიტეტის მხრიდან, ან სრულად მუნიციპალიტეტი ახორციელებს მას. ამ ბიზნეს პროექტებში, რომლებიც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი, არის ბიზნეს მომგებიანობა. მგონია, რომ ინტერესი იქნება. ასევე, მათ გამოთქვეს სურვილი და დასვეს კითხვა, საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თუ არის შესაძლებელი პროექტის განხორციელება? რა თქმა უნდა არის, ჩვენ ყველანაირად დავეხმარებით მათ“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტს, მერის განმარტებით, არის ბევრი ავარიული შენობა, რომელსაც სჭირდება ჩანაცვლება და მერია მზადაა, ამ მიმართულებით კერძო სექტორის წინადადებები მიიღოს.
"გამოვყოფთ მიწის ნაკვეთებს, სადაც ბიზნესს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ნულიდან განახორციელონ პროექტი. პირველი, რაც უნდა მოხდეს, მიმდებარე ტერიტრორიაზე „ხრუშჩოვკებში“ მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება უნდა მოხდეს, გამარჯვებული იქნება ის, ვინც მეტ ფართს შესთავაზებს მუნიციპალიტეტს“,- აცხადებს კალაძე.