მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიზეზები, რის გამოც რევაზ არველაძემ 2019 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა

5bc49de6eba82
დავით ჯალაღონია
15.10.18 18:01
1013
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. სწორედ რევაზ არველაძის ხმა გახდა გადამწყვეტი, რის გამოც აღნიშნული კომიტეტისგან დოკუმენტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

დეპუტატს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან სამი ძირითადი შენიშვნა აქვს. პირველ რიგში არველაძე პენსიის 20 ლარით გაზრდის ინიციატივას არ იზიარებს.

„დიდი ხანია 180 ლარია პენსია. ეს პენსია როცა დაინიშნა, მაშინ 180 ლარი 100 დოლარი იყო, ამიტომ ის 20 ლარი, რაც ჩადებულია ბიუჯეტში, ვერ აკომპენსირებს ლარის იმ დევალვაციას, რაც მოხდა. აქედან გამომდინარე, ჩემი წინადადება ეს არის, რომ გაიზადროს პენსია 50 ლარით თუ არა, 20 ლარზე მეტად მაინც. უნდა გამოინახოს საშუალება არსებულ ბიუჯეტში. ასევე, მეორე ჯგუფის შშმ პირებსაც დიდი ხანია არ გაზრდიათ პენსია“, – განაცხადა არველაძე.

მეორე საკითხი, რაც ბიუჯეტის პროექტში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის უკმაყოფილებას იწვევს, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შრომის ანაზღაურების ზრდაა.

„არასწორად იყო ჩადებული შრომის ანაზღაურების ზრდა შსს–ში, სადაც პერსონალის რაოდენობა არ იცვლება და შრომის ანაზღაურება 58 მლნ ლარით იზრდება. ეს ფინანსთა სამინისტრომ იმით განმარტა, რომ მინისტრი დაპირდაო, რომ პოლიციელებს ხელფასს გავუზრდითო. ასე დავპირდით ჩვენ მასწავლებლებს, შშმ პირებს, პენსიონერებს, მაგრამ რატომღაც გამოვიდა, რომ ერთი მინისტრი სხვებს მოერია, რაც მიმაჩნია, რომ არასწორია“, – აღნიშნა არველაძემ.

გარდა ამისა, დეპუტატი გარკვეული ენერგეტიკული პროექტებისთვის 2019 წელს თანხების დახარჯვას არაგონივრულად მიიჩნევს.

„ბიუჯეტში გათვალისწინებულია ენერგეტიკული ობიექტები, რომელთა მშენებლობის აუცილებლობა 2019 წელს არ დგას. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ ზოგიერთის მშენებლობა მიბმული უნდა იყოს ელექტროსადგურების მშენებლობაზე. ეს ობიექტები იმისთვის არის, რომ სიმძლავრე გამოიტანონ ელექტროსადგურისგან. თუ „ხუდონჰესი“ 8-10 წლის შემდეგ აშენდება, დღეს ან ხვალ იმ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელმაც სიმძლავრე უნდა გამოიტანოს, არაფერ აუცილებლობას არ წარმოადგენს“, – განმარტა რევაზ არველაძემ

მართალია, ამ შენიშვნების გათვალისწინებით არველაძემ დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა, მაგრამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტის საკანონმდებლო განხილვებისთვის მსვლელობას ხელს არ შეუშლის.

„მე ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, თორემ შეიძლება ხმა მიმეცა. მაინც გავა ბიუჯეტი სხდომაზე, მაგრამ მაინც ვიტყვი ამ შენიშვნებს ისევ, რაც მაქვს. კომიტეტის დიდმა ნაწილმა პროექტს მხარი დაუჭირა, თუმცა ერთი ხმა დააკლდა“, – აღნიშნა მან.

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის განხილვას პარლამენტი ხვალ დაასრულებს და შენიშვნებით მთავრობას გადაუგზავნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები