აგრეგატულად, 2018 წლის 6 თვის მდგომარეობით, შემოსავლების მობილიზების დონე 249 მლნ ლარით (5%-ით) აჭარბებს კვარტალური განწერით გათვალისწინებულ გეგმურ მაჩვენებელს. მისი ცალკეული კომპონენტებიდან შესრულების შედარებით მაღალი დონით ხასიათდება გრანტების მაჩვენებელი. ამ მიმართულებით ბიუჯეტში მიღებულია 6 თვის გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელზე 30%-ით (58 მლნ ლარით) მეტი, ძირითადად ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების მობილიზების ტენდენციის გავლენით: აღნიშნული ტიპის გრანტების სახით შესრულება (138 მლნ ლარი) წლიური გეგმური მაჩვენებლის 55%-ს შეადგენს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ გრანტებს: საინვესტიციო გრანტების სახით მიღებულ იქნა 58.4 მლნ ლარი, ხოლო საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დონორების მიერ გამოყოფილი მიზნობრივი დანიშნულების გრანტების სახით - 26.3 მლნ ლარი, ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში მიიმართა სსიპ-ების ანგარიშებზე განთავსებული თავისუფალი ნაშთის ნაწილი (30.6 მლნ ლარის ოდენობით).
სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით იანვარ-ივლისში მობილიზებულ იქნა 4,517 მლნ ლარი, რაც 6 თვის გეგმის 103%-ს და წლიური გეგმის 48%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო შემოსავლების შესრულება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 233 მლნ ლარით (5%- ით) აღემატება, რაც განპირობებულია დღგ-სა (237 მლნ ლარით) და საშემოსავლო გადასახადის (146 მლნ ლარით) შესრულების მაჩვენებლების ზრდით.
რაც შეეხება აქციზს, აღნიშნული გადასახადის სიდიდე 6 თვის გეგმისაგან მცირედ უარყოფით გადახრას ავლენს, ხოლო გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7 მლნ ლარით (1%-ით) ნაკლებია. აქციზის აღნიშნული დინამიკა ძირითადად გამოწვეულია საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გავლენით იმპორტირებული პროდუქციიდან, კერძოდ, იმპორტული თამბაქოს დაბეგვრიდან აქციზის 11.2%-ით და მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის 2.4%-ით შემცირებით.
მოგების გადასახადის სახით მიღებული შემოსავლების დინამიკა (19%-ით შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით) შესაძლებელია უკავშირდებოდეს მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესის ამოქმედებას.
საბიუჯეტო ოფისი