საქართველოსა და მონტენეგროს შორის საქმიანი ურთიერთობების ასაწყობად წლის ბოლომდე ბიზნესფორუმი ჩატარდება, - ამის შესახებ ,,საქმიანი დილის“ ეთერში მონტენეგროს საპატიო კონსულმა, თეიმურაზ ქურხულმა განაცხადა. ფორუმზე ის ბიზნესმენები იქნებიან მოწვეული, ვინც საქართველოში სხვადასხვა ბიზნეს სფეროთი ინტერესდებიან.
"მონტენეგროში შეხვედრა გვქონდა გარკვეულ ბიზნესჯგუფებთან, ვისაც საქართველო აინტერესებთ. წლის ბოლომდე ბიზნესფორუმს ჩავატარებთ, სადაც ამ ადამიანებს მოვიწვევთ. ისინი დაინტერესებული არიან საქართველოში ღვინის წარმოების, ტურიზმის, უძრავი ქონების თემით. ამ ეტაპზე მონტენეგროსა და ჩვენს ქვეყანას შორის ბიზნეს აქტივობა ფაქტიურად ნულის ტოლია, ვფიქრობ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ავაწყოთ ეს ურთიერთობა“ - განაცხადა მონტენეგროს საპატიო კონსულმა.
მისივე თქმით, მონტენეგროში აქტიურად შედიან უცხოელი ინვესტორები, რომლებიც დიდ ინვესტიციებს აბანდებენ ადგილზე.
"მონტენეგროში არის რამდენიმე კუნძული, ერთ-ერთი მათგანი აზერბაიჯანულმა კომპანია ,,სოკარმა“ იყიდა და 1 მილიარდ ევროს ხარჯავს იქ ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. ასევე კატარის შეიხის ოჯახმა იყიდა ყოფილი სამხედრო ბაზა, სადაც აბსოლიტურად სხვა დონის ქალაქი პორტო-მონტენეგრო შენდება, კვადრატული მეტრი უძრავი ქონების ფასი იქ 6 ათასი ევროდან იწყება“ - განაცხადა თეიმურაზ ქურხულმა.