„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მოსწავლეთა პირადი გასინჯვის ცნების (ე.წ. გაჩხრეკვა) გადახედვას ითვალისწინებს. კანონპროექტის თანახმად, უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე მოხდება. მანდატური, რომელსაც მოსწავლის პირადი გასინჯვა დაევალება, აუცილებლად ანალოგიური სქესის უნდა იყოს. ხოლო თუ სკოლას ასეთი მანდატური არ ჰყავს, მაშინ უკონტაქტო დათვალიერება დირექტორის ან სკოლის სხვა თანამშრომლის ფუნციებში შევა.
„მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებას დამატებით უნდა ესწრებოდეს სკოლის წარმომადგენელი, რაც ემსახურება მოსწავლის ინტერესებს დაცვას. ამავე მიზნით, მოსწავლის მიმართ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების გამოყენების შესახებ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შედგეს ოქმი, რომელშიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რა გარემოებათა საფუძველზე, რა მიზნით, სად და რა პირობებში, ვისი თანდასწრებითა და მონაწილეობით განხორციელდა უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება. ამასთან, პროექტის მიხედვით, ოქმის შედგენის დეტალური წესი და ოქმის ფორმა დამტკიცდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ. ასევე, მნიშვნელოვანია, მოსწავლის უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობოს მის მშობელს, რასაც სიახლის სახით დამატებით ითვალისწინებს წარმოდგენილი კანონპროექტი. პროექტის მიხედვით, აღმოჩენილი ნივთი/საგანი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის/სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ გადაეცემა მოსწავლის მშობელს ან სამართალდამცავ ორგანოს, ნივთის/საგნის ხასიათის გათვალისწინებით.“ - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.