მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მსგავსი კრიზისები მუხტს აძლევს ინოვაციების განვითარებას“ - GITA

5edbcdd331463
BM.GE
06.06.20 21:04
1674
„მნიშვნელოვანია, 195 ქვეყანას შევხედოთ, როგორც 195 სტარტაპს, რომლებიც თვითგადარჩენას, ბიზნესმოდელის პოვნას ცდილობენ. უნდა ადაპტირდე, თუ გინდა, რომ გადარჩე“ - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიამ ლაშხმა გადაცემა #ქალებისნარატივში საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, კორონავირუსის გავლენად არა მსოფლიოს „ამოყირავებას“, არამედ პროცესების დაჩქარებას განიხილავს, ინოვაციები და სტარტაპები კი სწორედ არსებული პროცესების, პროდუქტისა და მომსახურების გაუმჯობესებას მოიაზრებს.

„როგორც კი დაიწყო პანდემიის გამოწვევები, ჩვენმა სააგენტომ გააათმაგა მუშაობა. ვფიქრობდით, რა შეთავაზებები ყოფილიყო არსებულ გამოწვევებზე, რომ მეტი ინოვაციური იდეა წაგვეხალისებინა და გაგვევითარებინა საინფორმაციო ტექნოლოგიების უნარები“, - აღნიშნავს მარიამ ლაშხი.

თემაზე საუბრისას, მარიამ ლაშხმა ჰაკათონ „კორონათონისა“ და იდეათონის პროექტები გამოყო და აღნიშნა, რომ მათ ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა იყო წარმოდგენილი. „მსგავსი კრიზისები მუხტს აძლევს ინოვაციების განვითარებას“, - დასძენს მარიამ ლაშხი კორონავირუსის გავლენაზე მსჯელობისას.

ამასთან, როგორც მარიამ ლაშხი აღნიშნავს, მისი აღქმით, განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის კონტურები ფერმკრთალდება და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადაპტირების უნარები. „თავისუფლად შესაძლებელია, რომ ამ პროცესებში საქართველო გახდეს ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა, რომელმაც კოვიდ-19-ის გამოწვევებს აქტიურად და კარგად უპასუხა“, - აღნიშნავს ის.

სააგენტოს მუშაობაზე საუბრისას, მარიამ ლაშხი დასძენს, რომ მათი არაერთი ბენეფიციარი წარმოდგენილია საერთაშორისო ბაზარზე.ის საქართველოში საერთაშორისო აქსელერატორ 500 startups-ის შესვლის როლსაც უსვამს ხაზს.

მისივე განმარტებით, გამოწვევების საპასუხოდ, სააგენტომ დამატებით დაიწყო 15 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება და არსებული გამოწვევების პერიოდში, გაციფრულების, ინოვაციების ინტეგრირების პროცესებისთვის პირველადი ნიმუშის შექმნის მხარდაჭერას მოიაზრებს. მისივე განმარტებით, ივნისის დასაწყისში უკვე 100 000 ლარიან გრანტს გამოაცხადებენ, ხოლო 650 000 ლარიანი საგრანტო პროგრამა კი მუდმივად მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები