მთავრობა დღეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ შესატან ცვლილებებს დაამტკიცებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ცვლილებები იქნება მიმართული მოსახლეობის მხარდასაჭერად.
„ცვლილებები იქნება აწარმოე საქართველოში, რომელსაც დღეს ჩვენ მივიღებთ. ამ ცვლილებებს აქვს ბევრი სხვადასხვა მიმართულება. მე გამოვყოფ მხოლოდ ერთს: მიკროგრანტების და მცირე მეწარმეების დახმარების პროგრამები, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ეფექტურად მუშაობდა. ამ პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდა 40 მლნ ლარამდე და გარდა ამისა მინიმალური საგრანტო თანხა გაიზარდა 20-დან 30 ათას ლარამდე.
ეს არის ასევე პირდაპირი დახმარება იმ ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან ამ გაურკვევლობაში დაიწყონ ახალი ბიზნესი, შევიდნენ ახალ პროექტებში, აიღონ გარკვეული რისკი თავის თავზე, თავის ოჯახზე და წარმატების შემთხვევაში შემდგომ დაასაქმონ სხვა ადამიანები. ამ ღონისძიების გატარებას აქვს არა მარტო სოციალური, არამედ ეკონომიკური დატვირთვაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო პროგრამებით მოსარგებლე მოქალაქეები ამ პროგრამების შესახებ ინფორმაციას და სარგებელს იუსტიციის სამინისტროს მუნიციპალურ ცენტრებში მიიღებენ.
„გარდა ამისა "აწარმოე საქართველო" ისევე როგორც სოფლის მეურნეობის პროგრამები, უახლოეს ერთ თვეში საზოგადოებრივი ცენტრების და იუსტიციის სახლების საშუალებით და არხებით პირდაპირ მივლენ თითოეულ ჩვენს მოქალაქესთან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ის პროგრამა, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბიზნესის და ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ სივრცეში იქნება განთავსებული და იმის მაგივრად, რომ ფერმერებს აუცილებლობა ჰქონოდათ ჩამოსულიყვნენ თბილისში და აქ ეკონომიკის თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში ერკვიათ ამა თუ იმ პროგრამის დეტალები, ახლა ეს პროგრამები იქნება თითოეული მათგანის რაიონში“, - განმარტა პრემიერმა.