"ევროპული საქართველო“ მთავრობის მიერ წარმოდგენილ საპენსიო რეფორმის არსებულ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს. უმცირესობის წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმის განხილვები 6 თვეა მიმდინარეობს, თუმცა ამ დრომდე მთავრობას კონკრეტული რიცხვები არ წარმოუდგენია, თუ როგორ იმუშავებს რეფორმა.
"მთავრობამ ვერ წარმოადგინა რიცხვებში დასაბუთება, თუ როგორ მუშაობს ეს რეფორმა და ვერ გასცა მთავარ კითხვაზე პასუხი, - დღეს რომ მასწავლებელი, რომელიც არის 30 ან 35 წლის და აქვს 450 ლარი ხელფასი, რა ექნება პენსია, როცა გავა პენსიაში. ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს მთავრობას და ყველაზე სამწუხაროა ის, რომ ეს რეფორმა არაფერს არ აძლევს დღეს მოქმედ პენსიორებს. ის 40 წელს ქვემოთ ადამიანებში გაზრდის უმუშევრობას და ექნება უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
"ევროპული საქართველო" არ ემხრობა ასევე დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვის სავალდებულობის პრინციპს.
"როცა ქვეყანაში იქნება მაღალი ეკონომიკური ზრდა და ადამიანებს ექნებათ შემოსავლები, ისინი მთავრობაზე ჭკვიანები არიან და თუ მათ შეუძლიათ დაზოგვა, ისინი თავიანთი სიბერისთვის ნებაყოფლობით დაზოგავენ , მაგრამ ჩვენ ვითხოვთ, რომ საბაზო პენსია გაიზარდოს, მაგრამ ამის ზემოთ თუ ვინმეს უნდა დაზოგოს, დაზოგოს არა მთავრობის კარნახით და მთვრობის წნეხის ქვეშ, არამედ ნებაყოფლობით. იმდენი, რამდენიც მას დღეს შეუძლია“-განმარტავს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
საპენსიო რეფორმის შესახებ კანონპროექტს დღეს ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.