საზღვაო მომსახურებისა და სატრანსპორტო კომპანია „ტრანს ლოგისტიკის“ დირექტორი, ჯაბა თარიმანაშვილი მთავრობას საზღვაო სერვისების განვითარების ინიციატივით მიმართავს. მისი განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების ან დამატებების ინიციატივა ეხება გემიდან გემში ტვირთების გადატვირთვის მომსახურების შესაძლებლობის განვითარებას.
„დღეისათვის არ არსებობს ასეთი კანონმდებლობა, აღნიშნული მომსახურების ან საქმიანობის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საწარმოებლად. მნიშვნელოვანია გაიწეროს და მიენიჭოს შესაბამისი საბაჟო რეჟიმი, გამოიყოს გემიდან გემში გადატვირთვის არეალი, საზღვაო სივრცის და საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესში შეიცვალოს გემზე კონტროლის განხორციელების რეკომენდირებული ადგილები, რადგან დღეისათვის საპატრულო სამსახურის მიერ გემებისთვის კონტროლის განხორციელების პროცედურები, ძირითადად გემის ნავმისადგომთან დადგომას ითვალისწინებს, რაც ზღუდავს მომსახურების შეთავაზებას ზღვაში, ისეთ გემებზე, რომელთაც არ ესაჭიროებათ პორტში შემოსვლა“-აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი.
მისი თქმით,ბოლო წლებში საქართველოს გავლით ტვირთბრუნვა სოლიდურად შემცირდა, რამაც გამოიწვია პორტებში გემთშემოსვლის დრამატული კლება.
„უახლოეს მომავალში ვერ ვხედავთ უარყოფითი სტატისტიკის ტენდენციის ცვლილებას, ამიტომ ვცდილობთ ახალი სერვისების შეთავაზებით მოვიზიდოთ ახალი კომპანიები და ბიზნესმა ახალი ტიპის საზღვაო მომსახურების განვითარების გზით მიიღოს შემოსავალი“-აცხადებს თარიმანაშვილი.
მისი განმარტებით, გემიდამ გემში გადატვირთვის სერვისი შესაძლებლობას მისცემს თრეიდერებს (სავაჭრო კომპანიებს) მოახდინონ ფრახტის ოპტიმიზაცია. მაგალითისთვის ამბობს, რომ შავი ზღვიდან ხმელთაშუა ზღვის ნავთობპროდუქტების საზღვაო გადაზიდვის მიზნით გამოიყენება 40-50 ათას ტონიანი გემები. საქართველოს ნავთობტერმინალების ნავმისადგომებთან უსაფრთო წყალშიგი (სიღრმე) არის 10,00-10,60 მეტრი, რომელიც მხოლოდ 30-35 ათას ტონამდე აძლევს გემს ტვირთის აღების საშუალებას. შესაბამისად დაახლოებით 10-15 ათასი ტონა თრეიდერისთვის როგორც მოფრახტვისთვის (გემის დამქირავებლისთვის) არის „მკვდარი ფრახტი“. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში ოპტიმიზაციის მიზნით, ნავმისადგომის დატოვების შემდეგ, შესაძლებელია გემმა დაიმატოს პროდუქტი რეიდზე მცირე გემებიდან.
„ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა უფრო აქტიურად ჩაერთვება საზღვაო სერვისების განვითარების ხელშეწყობაში, რადგან აღნიშნული ცვლილებები პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება საზღვაო დარგისთვის, გაზრდის გემთმიმოსვლის და ეფექტიანი ლოგისტიკის წარმართვის შესაძლებლობებს.აღნიშნული ინიციატივა, საქართველოში განავითარებს საზღვაო მომსახურებას, გაზრდის დასაქმებულთა რიცხვს და შესაძლებლობას მისცემს საერთაშორისო სავაჭრო კომპანიებს, ინოვაციური გადაწყვეტილებებით, ჩვენს ქვეყანაში შექმნან დამატებითი ღირებულება, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის კეთების მიმზიდველობის ზრდას. აღნიშნული ინიციატივა, მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანია ქვეყნის იმიჯისთვის, საქართველოს, როგორც საზღვაო ბიზნესის კეთების უნივერსალური ადგილის დამკვიდრებისათვის, ასევე საბიუჯეტო შემოსავლებისა და დასაქმებულთა გაზრდის მიზნებისათვის“-აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი.