საერთაშორისო პორტალზე „National Geographic” საქართველო მასშტაბური მარკეტინგული კამპანიას იწყებს, რომელიც 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს.
ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს და სავარაუდო შთაბეჭდილებების რაოდენობა (Impressions) 4,541,183 იქნება. კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებ-გვერდზე 5 პოსტი განთავსდება. საქართველოს შესახებ მომზადდება 5 ბლოგი, ფოტო და ვიდეო მასალით, რომელიც სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება.
ასევე, კამპანიის ფარგლებში სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე, ვიდეოს გაშვების წინ კი საქართველოს რეკლამა pre roll-ის სახით განთავსდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „National Geographic”- ის ვიცე-პრეზიდენტი ანაბელ კანველი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ერთმანეთს შეხვდნენ და მარკეტინგული კამპანიის დაწყების საკითხი და მოსალოდნელი შედეგები განიხილეს.
„უკვე ბევრი წელია, „National Geographic“ აქვეყნებს საქართველოსა და თბილისის შესახებ სტატიებს, თუმცა ჩვენს მკითხველს კიდევ უფრო მეტის გაგება უნდა თქვენი ქვეყნის ტურისტული მიმართულებების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ, საქართველოს სანახავად კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვა,“ - განაცხადა ანაბელ კანველიმ შეხვედრის შემდეგ.