სიღნაღში ჯანჯაფილის საცდელი მეურნეობა მოეწყო - წარმოების გეგმები
სიღნაღში, სოფელ ტიბაანში USAID-ის ხელშეწყობით ჯანჯაფილის საცდელი მეურნეობა მოეწყო. ქვეყანაში პირველი, სატესტო წარმოების შესახებ BM.GE-ის ინდმეწარმე მალხაზ ბიძინაშვილი ესაუბრა.
მისი ინფორმაციით, ქვეყანაში ჯერ ჯანჯაფილის წარმოების პრაქტიკა არ არსებობს, შესაბამისად ეს პირველი გამოცდილება იქნება. მეურნე აღნიშნავს, რომ საპილოტე პროექტი USAID-ის და კერძო მეურნის ფინანსური რესურსით ხორციელდება.
„USAID-ის პროგრამით ჩვენს მეურნეობას ჯანჯაფილის თესლი და სათბილობელი გადმოგვეცა. ვინაიდან საქართველოში ამ კულტურის მოყვანის პრაქტიკა არ გვაქვს, ამავე პროგრამით ჩვენ USAID-ისგან უფასო კონსულტაციებსა და ინსტრუქციებს ვიღებთ. სათბურის მოსაწყობად თურქულ მხარესთან თანამშრომლობით შევისწავლეთ ნიადაგი და ჯანჯაფილის წარმოებისთვის საჭირო ტენიანობა განვსაზღვრეთ და ინფრასტრუქტურა საკუთარი რესურსით სრულად გავმართეთ. ამისთვის დაახლოებით 2 000 ლარი დავხარჯეთ. შედეგად რამდენიმე დღეში 2 000 კვ.მ-ზე ჯანჯაფილს დავთესავთ. აგვისტოსთვის კი პირველ მოსავალს დაველოდებით. ჯანჯაფილი საკმაოდ მაღალმოსავლიანი კულტურაა და მოსავლის აღება წელიწადში რამდენჯერმე ხდება. შედეგად წელს ამ ფართობიდან 10 ტონამდე ჯანჯაფილის მოსავალს ველით“, - განმარტა მალხაზ ბიძინაშვილმა.
ინდმეწარმე ამბობს, რომ ჯანჯაფილის წარმოების გეგმები საცდელი მეურნეობის შედეგების მიხედვით განხორციელდება.
დავაკვირდებით სატესტო პარტიას და ამის შემდეგ ვიფიქრებთ მეურნეობის მოწყობასა და რეალიზებაზე. USAID-ი ბაზრის მოძიებაში დაგვეხმარება და ვფიქრობთ, საქართველოში წარმოებული ჯანჯაფილი სწორედ ადგილობრივ ბაზარზე გავა“, - თქვა ინდმეწარმემ და დასძინა, რომ დღეს ჯანჯაფილის ღირებულება 19-22 ლარია.
ცნობისთვის: ჯანჯაფილი, ანუ კოჭა კულინარიასა და მედიცინაში ფართოდ გამოიყენება და ის ტკივილისა და ანთებით პროცესებს ამცირებს.
საფონდო ბირჟები