წამლები ყოველწლიურად ძვირდება, სავარაუდოდ, მომავალი წლისთვის კიდევ იქნება ფასნამატები, მათ შორის თურქეთშიც - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინა კობახიძემ „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა.
საქმე ის არის, რომ „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება. ცვლილების მიხედვით, 2023 წლიდან, სახელმწიფო, მედიკამენტის ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე მაღალ ფასადაც წამლების რეალიზაცია აიკრძალება. პირველ ეტაპზე, რეფერენტული ფასები ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო, 1000-1200 პრეპარატზე განისაზღვრება, შემდეგ კი სხვა მედიკამენტებსაც შეეხება.
ნინა კობახიძე ამბობს, რომ წამლის შესახებ კანონში ბიზნეს ასოციაციის ყველა შენიშვნა გათვალისწინებულია.
„სასამართლოს გარეშე შესვლა-შემოწმებასთან დაკავშირებით იყო ყველაზე დიდი ვნებათაღელვა წამლის მიმოქცევის პროცესში, რადგან ეს არ მოიცავდა მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანიებს, ეს იმდენად ფართო ტერმინია, რომ შესაძლებელი იქნებოდა ნებისმიერი სამედიცინო თუ სხვა ტიპის მოთამაშე აღმოჩენილიყო და აბსოლუტურად ბუნდოვანი ჩანაწერი იყო, რაც შეიცვალა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გახდა უფრო მკაფიო ჩანაწერი, თუ რა მიზნებისთვისაც ხდებოდა ამ კანონის მიღება. რეფერენტული ფასების დაწესება არ არის ერთჯერადი ღონისძიება, რომელიც წამლების ხელმისაწვდომობის, ან შემცირების მიზნით დაისახა მთავრობამ მიზნად.
ვიცით, რომ წამლები ყოველწლიურად ძვირდება, სავარაუდოდ მომავალი წლისთვის კიდევ იქნება ფასნამატები, თურქეთში მათ შორისაც და თუ ჩვენ მთელი ეს პაკეტი არ შევკარით, ანუ არ შეკრა სახელმწიფომ და ბიზნესმა, ანუ ყველა მოთამაშემ, ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ბევრი რამ კვლავ ბუნდოვანი იქნება. ანუ როცა ვსაუბრობდით რეფერენტული ფასის დაწესებაზე, ფასის განსაზღვრასა და შემდეგ კანონის მიღებაზე, რა თქმა უნდა ეს იყო სწორი. თუმცა კანონის მიღება სწრაფ რეჟიმში მოხდა და გვიხარია, რომ სწორად გაკეთდა ჩასწორებები. გასწორდა ბევრი ისეთი რამ, რაც ამ სისწრაფეს თან ახლდა“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ.