სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ჭუბერში, მდინარე ნენსკრას ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე იგეგმება.
როგორც ნინო ვიბლიანმა BM.GE-ს განუცხადა, ნაპირების გამაგრების პარალელურად, მდინარის კალაპოტის გაფართოებაც მიმდინარეობს.
„ნაპირსამაგრი სამუშაოების 90% დასრულებულია. ასევე მიმდინარეობს კალაპოტის გაფართოება, რადგან იმ შემთხვევაში, თუ კიდევ მოხდა სამომავლოდ რაიმე სახის სტიქია, კალაპოტს გამტარუნარიანობა ჰქონდეს“, - აღნიშნა მან.
რაც შეეხება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც საცხოვრებელი სახლები დაუზიანდა, ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ზარალი დაითვალა და ახლა უკვე ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემის ეტაპია.
„ჩამოსული იყო ექსპერტიზა, რომელმაც საცხოვრებელ სახლებზე და დამხმარე შენობებზე, ვინც ზიანი მიიღო, აბსოლუტურად ყველაფერი აღწერა და არის შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ კომპენსაციის სახით აუნაზღაურდეთ მათ ეს ზარალი. ამის შესახებ ფაქტიურად თანხმობა არის, მხოლოდ ერთი ოჯახი იყო დარჩენილი. მათთან რაღაც გაუგებრობაა, მაგრამ ალბათ, ეს სიტუაცია დალაგდება. ყველა თავისი ზარალის შესაბამისად მიიღებს კომპენსაციას. რაც შეეხება პროექტებს, სასმელი წყლის გარეშე დარჩა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლის პროექტირებაზე ჩამოსულები იყვნენ და შეისწავლეს ის წყარო, საიდანაც სოფელი სასმელი წყლით მომარაგდება. ეს პროექტი დასრულების სტაადიაზეა“, - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ჭუბერის ხეობაში მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სტიქიის შედეგად ჭუბერის მოსახლეობის მიწის ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, წყალმა სოფლის რამდენიმე ხიდი და ასევე, გზა წაიღო.