მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ონლაინ სესხების ბევრ კომპანიას ბაზრის დატოვება მოუწევს"

5afd7c5398a48
BM.GE
17.05.18 16:57
2650
ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეგულაციები ყველაზე მტკივნეულად ონლაინ სესხების კომპანიებზე აისახება და მათი დიდი ნაწილი ბაზარს დატოვებს, - ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ ,,საქმის კურსის“ ეთერში განაცხდა. მისივე განმარტებით, იგივე ბედს გაიზიარებენ ლომბარდებიც.

"ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ყველა მხარესთან, ვისაც უშუალოდ ეხება ეს რეგულაციები, მათ შორის ეროვნულ ბანკთან, ონლაინ სესხების გაერთიანებასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციასთან და საბანკო ასოციაციასთან.

ორი კუთხით შეგვიძლია შევხედოთ საკითხს, მაკრო და მიკრო დონეზე. მაკრო-დონეზე თუ შევხედავთ, რეალურად ის პრობლემა, რაც უკავშირდება ზედმეტ დავალიანებას ფიზიკური პირების მხრიდან, ანუ ჭარბვალაიანობას, ეკონომიკაში რეალურად არსებობს. მაგრამ, თუ შევხედავთ მიკრო, ანუ კონკრეტული ბიზნესების კუთხით, აქ გარკვეული უარყოფითი გავლენები ამ რეგულაციას ექნება.

ონლაინ სესხების კომპანიებისთვის ეს არის ძალიან მტკივნეული რეგულაციები და მათი მოქმედების არეალს უდიდეს წილად ზღუდავს, რადგან იმ ფიზიკურ პირებს ეხება, ვინც უშუალოდ მათი კლიენტები არიან. მნიშვნელოვნად ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და შედარებით ნაკლებად ეხებათ ბანკებს, რადგან მათ მხოლოდ განვადებების ნაწილში არსებული მოქმედებები ეზღუდებათ. ეს გავლენა, ბუნებრივია, დიდი იქნება საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამყიდველ კომპანიებზეც, რადგან მათ გაყიდვებში უდიდესი წილი განვადებებს უკავია.

ჩვენ ამ კომპანიებმა უკვე გვთხოვეს დახმარება, გვქონდა კონსულტაციები ყველა მხარესთან, ვინც ამ რეგულაციების დამწესებელია. ეროვნული ბანკი არის კანონმდებლობით დამოუკიდებელი ორგანიზაცია და ჩვენი მოქმედება მხოლოდ რეკომენდაციას, დასკვნას, შუამდგომლობას მოიცავს.

ჩვენ შევიმუშავეთ რეკომენდაცია, სადაც ჩამოვთვალეთ ორგანიზაციები, ვისაც რეგულაციები ეხება და აღვწერეთ სურათი, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მათზე ამ ცვლილებას. რეკომენდაციაში ვითხოვეთ უფრო მეტი დრო იმისთვის, რომ ადაპტირება მომხდარიყო აღნიშნულ რეგულაციასთან, მაგრამ სამწუხაროდ ის ნაწილობრივ ის უკვე ძალაშია“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები