თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ დედაქალაქში პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, თბილისის ქუჩებში პარკინგის ადგილებს სხვადასხვა ეკონომიკური მიზნებისათვის იყენებენ.
„ხშირ შემთხვევაში გახნილი აქვთ ვიზების მომსახურება, ტურისტული ბიუროები. ასევე არის შემთხვევები, როდესაც საპარკინგე ადგილები დაკავებულია გასაქირავებელი ავტომობილებით და მოქალაქეებს არ ეძლევათ შესაძლებლობა, ისარგებლონ მუნიციპალური პარკინგებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერის თქმით, მოცემული სიტუაციის გამოსასწორებლად მათ საჯარიმო სისტემა შემოიღეს.
„ჩვენ, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, ეკონომიკურ საქმიანობას არანაირად არ ვეწინააღმდეგებით და ხელის შეშლა არ იქნება ჩვენი მხრიდან. თუმცა, ქალაქში არსებობს ძალიან ბევრი ლოკაცია, ძალიან ბევრი ადგილი, სადაც შეიძლება ეკონომიკური საქმიანობა განხორციელდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავის არ აქვს უფლება ადამიანებს შეუზღუდონ პარკირება, რომლებიც კეთილსინდისიერად იხდიან პარკირების საფასურს“, - ამბობს კახა კალაძე.