ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განმარტა.
„პოლიტიკაში დაბრუნება დიდად არ მესიამოვნა და ყრილობაზე ეს დამეტყო. ამის (პოლიტიკაში დაბრუნების) აუცილებლობა იყო“, - ამბობს ივანიშვილი და განმარტავს, რომ საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას ვერ ეწევა ეკონომიკური ზრდა.
„პოლიტიკაში დაბრუნების პირველი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში არის უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც მსგავსი მცირე ეკონომიკის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები შესადარია დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების ღირებულებებს, - ჩამორჩება მას, თუმცა შესადარია.
ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია, ეს არის დემოკრატია, ადამიანს უნდა ჰქონდეს ამის საშუალება. ამ ფონზე გაღრმავდა და გაიზარდა იმ ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც ვინც ლაპარაკობს პრობლემებზე. კრიტიკულად საუბრობენ ისინი, ვინც წინა ხელისუფლების დროს ცუდ პოზიციებში იყვნენ. ამ ფონზე მედიაც აჭარბებს, მაგრამ ეს კარგია.
დემოკრატია უფრო სწრაფად იკიდებს ფეხს, ვიდრე მას ეწევა ეკონომიკა.
საზოგადოების დიდ ნაწილს ელემენტარული სამუშო ადგილი არ აქვს, არის ცარიელი მაცივრები. ამ ფონზე როდესაც უზრუნველყოფილია თავისუფლება, ძალიან სახიფათოა სიტუაციის სტაბილურად დაჭერა და ამას სჭირდებოდა ჩემი რესურსი.
ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვყავდეს კონსტუქცული ოპოზიცია გვყავს უპასუხისმგებლო ოპოზიცია, რომელიც ლანძღვაზეა გადასული.
ვერ ნახავთ პრეცენდენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მსგავსად დაცული იყოს დემოკრატია. ამ ფონზე, ძალიან სახიფათოა სტაბილურობის შენარჩუნება.
ასევე გუნდში შეიმჩნეოდა გუნდურობის დაკარგვა და იყო ეჭვი, რომ შეიძლებოდა გუნდი დაშლილიყო. ძალიან დიდი იყო ხიფათი გუნდის დაშლის. ღრმა იყო პრობლემები გუნდში“, - ამბობს ივანიშვილი.