მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პოლონეთში ცნობილი ქართული რესტორნის მფლობელი კახეთში ახალი სასტუმროს ხსნის

5bb7773e30001
მაია ბიწაძე
05.10.18 20:00
5905
თელავში, სოფელ კისისხევში დათო თურქესტანიშვილმა, რომელიც პოლონეთში ცნობილი რესტორნის „რუსიკოს“ მფლობელია, ბაბუის სახელობის შატო და მარანი ააშენა, როგორც მან Bm.ge-ს განუცხადა სასტუმრო სიმბოლურად ,,ელიზბარ 1918“ - ის სახელწოდებით იფუნქციონირებს და ერთდროულად 20 - მდე ადამიანს მოემსახურება. ბუტიკის ტიპის სასტუმროში 7 ნომერი მოეწყობა და ნომრის ღირებულება 150 - დან 200 ევრომდე იქნება. როგორც დათო თურქესტანიშვილი განმარტავს, სასტუმროში მაქსიმალურად ოჯახურ გარემოს შექმნიან, სტუმრებს ქართული სამზარეულოთი გაუმასპინძლდებიან და სურვილის შემთხვევაში საკვების მომზადების პროცესშიც მიაღებინებენ მონაწილეობას. ,, მე უკვე მაქვს ბიზნესი პოლონეთში - ქართული რესტორანი და ღვინის ბარი ,,რუსიკო“, რომელიც დედჩემის სახელობისაა. კახეთში სასტუმროს მშენებლობა გადავწყვიტე, რადგან მინდა იმ ადამიანებს გავუმასპინძლდე ვინც პოლონეთში ჩემი რესტორანისა და ბარის ხშირი სტუმარია. მსურველი ბევრია, ამიტომ ვცდილობ მაქსიმალური კომფორტი დავახვედრო მათ. ამჟამად ჩემთან მოწვევით მიშელინის კონსულტანტი იმყოფება, რომლისგანაც სასტუმროს სერვისებთან დაკავშირებით რჩევებს ვიღებ, ყველაფერს ზედმიწევნით ვუდგებით, რადგან მინდა სასტუმრო განსაკუთრებული იყოს“ - განაცხადა დათო თურქესტანიშვილმა. როგორც ბიზნესმენი Bm.ge-სთან საუბრისას განმარტავს, სასტუმროსთან ერთად მცირე მარანიც იფუნქციონირებს, სადაც მაღალი ხარისხის ღვინოს დაამზადებს. მეღვინეობა თავად შეისწავლა. მარანში სეზონზე 10 ტონა ყურძნის გადამუშავებაა შესაძლებელი, თუმცა წელს 8 ტონას დაწურავენ, საიდანაც 7-8 ათასი ბოთლი ღვინის წარმოებას გეგმავს. თავდაპირველად ორი სახის ღვინოს დაამზადებს - საფერავს და რქაწითელი-მწვანეს კუპაჟს, რომელსაც გასაყიდად მხოლოდ სამწლიანი დავარგების შემდეგ გამოიტანს. ბოთლი ღვინის ფასი 60 ევროდან დაიწყება და როგორც საქართველოში, სასტუმრო ,,ელიზბარ 1918“-ში, ასევე პოლონეთში მის კუთვნილ რესტორანში და ღვინის ბარში გაიყიდება.
,, წელს 4 ტონა საფერავი ქინძმარაულის მიკროზონაში, სოფელ შაქრიანში შევიძინე, ოჯახიდან, რომელიც განსაკუთრებულად უვლიდა ვენახს, ასევე სოფელ კისისხევში, 2 ტონა საფერავი და 2 ტონა რქაწითელი და მწვანე შევისყიდე. ღვინოს ჯერ ქვევრში დავადუღებ, შემდეგ კი მუხის კასრებში სამი წლის განმავლობაში დავავარგებ. ღვინის დაყენების ტექნოლოგიას მეგობარი მეღვინეები მასწავლიან. ღვინის ბრენდსაც ,,ელიზბარ 1918“ ეწოდება“ - განაცხადა დავით ტურქესტანიშვილმა. სასტუმრო ,,ელიზბარ 1918“ მომავალი წლის გაზაფხულიდან დაიწყებს სტუმრების მიღებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები