ტყიბულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეწვია და საწარმოს თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას მეტალურგთა და მეშახტეთა პროფკავშირები ავრცელებს. მათივე ცნობით, მეშახტეებთან საუბარი მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ მეშახტეები ხელფასს იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე მიიღებენ, პარალელურად კი მოხდება შახტების შემოწმება უცხოელი ექსპერტების მიერ და ამის შემდეგ, იმ უბნებზე, რომლებზეც შრომითი რისკების და საფრთხეების მართვადი დონე დაფიქსირდება და შესაძლებელი იქნება შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, ნახშირმოპოვებითი სამუშაოები აღდგენილი იქნება.
პრემიერ-მინისტრმა შეკრებილ მეშახტეებს ტყიბულის ალტერნატიული დასაქმების ახალი პროექტის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია - მისი თქმით ტყიბულში ტექსტილის ქარხანა ამუშავდება, რომლის მშენებლობაც 2019 წელს დაიწყება და დასაქმდება რამოდენიმე ასეული ადამიანი.
პრემიერ-მინისტრს მეშახტეებმა შეახსენეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ არაერთგზის წამოყენებული წინადადება მეშახტეების და მაღაროელების საშემოსავლო გადასახადისგან განთავისუფლების შესახებ, რაზეც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ პროფკავშირის ამ ინიციატივასთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს და საკითხი განხილვის პროცესშია.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ საშეღავათო პირობებს გაითვალისწინებენ კომპანიისთვისაც და წიაღისეულის მოპოვების გადასახადს კომპანია გადაიხდის მხოლოდ მოპოვებული რაოდენობის მიხედვით.