მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინფლაციას თავი წარმატებით ვერ გავართვით" - თურქეთის ცენტრალური ბანკი

635be51c46bbe
გიორგი თოლორდავა
28.10.22 18:44
767
თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა წლის ბოლოსთვის ინფლაციური პროგნოზი 65.2%-მდე გაზარდა, თავად ბანკის ხელმძღვანელმა, საჰაპ კავჩიოღლუმ კი საჯაროდ აღიარა, რომ ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ცენტრალური ბანკი წარმატებული ვერ აღმოჩნდა.

საგულისხმოა, რომ კავჩიოღლუს განცხადება წინააღმდეგობაშია ქვეყნის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის რიტორიკასთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს, რომ ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება და ის მოსახლეობისათვის პრობლემას არ წარმოადგენს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის დონე თურქეთში 83.45%-იან ნიშნულზეა, რაც 25-წლიანი მაქსიმუმია, თუმცა ეკონომისტთა ნაწილი თავად სტატისტიკის სამსახურის მონაცემებსაც არ ენდობა და ფიქრობს, რომ ქვეყანაში რეალური ინფლაცია დაახლოებით 160-180%-ის ფარგლებშია.

სამომხმარებლო ფასების რეკორდული ზრდისა და ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, მიმდინარე თვეს თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ნაცვლად, რეფინანსირების განაკვეთი დამატებით 150 საბაზო პუნქტით, 10.5%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებულ მოთხოვნასთან, რომელიც არატრადიციული ეკონომიკური სკოლის მიმდევარია და მიიჩნევს, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკა ინფლაციის დონის ზრდას იწვევს.

ერდოღანის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა, რასაც შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად წაახალისებს.

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა აგრეთვე თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები