ესპანეთის სოციალისტი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის მინისტრთა კაბინეტში 17 პოსტიდან 11 ქალებმა დაიკავეს. BBC-ის ინფორმაციით, ეს მთელ ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქალების დანიშვნის თვალსაზრისით. ქალებმა ესპანეთის მთავრობაში ჩაიბარეს თავდაცვის, ეკონომიკის, ფინანსთა და განათლების, მეცნიერების მინისტრების პორტფელები, ესპანეთში სანჩესის მთავრობას უკვე უწოდეს “ფემინისტური კაბინეტი.“
პრემიერ მინისტრის სანჩესის განცხადებით, მისი კაბინეტი იმ ცვლილებების ანარეკლია, რომელიც ესპანეთში 8 მარტს წამოიწყო ფემინისტურმა მოძრაობამ. ამ დღეს დაახლოებით ხუთმა მილიონმა ქალმა გააპროტესტა უთანასწორო ხელფასები და გენდერული ძალადობა.
ესპანეთის ისტორიაში პირველად, მინისტრთა კაბინეტის წევრთა 60 % ქალია. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომლის შემადგენლობის ნახევარი ქალია. ასეთი ქვეყნებია საფრანგეთი, შვედეთი და კანადა.