მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბარათებით უცხოური აზარტული თამაშობებისთვის ონლაინ გადახდები აიკრძალება

5c06803e908c0
ელენე გოგბერაშვილი
04.12.18 17:45
2018
პარლამენტი აზარტული და მომგებიანი თამაშობებიდან გამომდინარე მძიმე სოციალური ფონის შესამცირებლად სათამაშო ბიზნესისთვის რეგულაციებს განიხილავს.

იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების როგორც - გარე, ისე სატელევიზიო რეკლამირება.

გარდა ამისა, შეზღუდვები წესდება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცვლილებების მიღების შემდეგ ქართული საგადახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნობრიობით ონლაინ გადახდების განხორციელებას ვეღარ შეძლებენ.

„საგადახდო სისტემებისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებების ავტორები აცხადებენ, რომ ეს ხელს შეუწყობს აზარტული თამაშობებში ჩართული ადამიანების შემცირებას.

ასევე, შემცირდება საქართველოდან საზღვარგარეთის ონლაინ აზარტული თამაშობების კომპანიებში ფულადი კაპიტალის გადინება.

„ეს შეიძლება იქცეს ფორმალურ შეზღუდვად იმიტომ, რომ ყოველთვის მოინახება გზები, მაგალითად, იგივე კომპანიები დარეგისტრირდნენ ქვეყნის გარეთ,უცხოური ბანკის ბარათებითან მოხდეს იმ ადამიანების, ვისთვისაც ამას ვაკეთებთ, გადაჯგუფება ქვეყნის შიგნიდან ქვეყნის გარეთ“, - აცხადებს bm.ge-თან ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე.

ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები უჩნდება საპარლამენტო ოპოზიციას.

რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ კანონპროექტის ავტორები, შესაძლოა, სათამაშო ბიზნესს ლობირებდნენ.

“ირიბად ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით, 25 მილიონი ლარი წავიდეს ქართულ კაზინოებში. ამბობენ, რომ არ სჯობს უცხოეთში ფულის წასვლას, საქართველოში დაიხარჯოს, მაგრამ ეს ხომ ფინანსური დატვირთვის დოკუმენტი არ არის, ამას სულ სხვა დატვირთვა აქვს. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ 25 მილიონი ლარი არც თუ ისე მცირე რაოდენობის ფულია, შეიძლება ვიეჭვოთ, რომ ეს კანონი, პირიქით, ხომ არ კეთდება თამაშების წასახალისებლად, ხომ არ აიძულებენ ქართველ მოთამაშეებს ითამაშონ მხოლოდ ქართულ კაზინოებში, თანაც როგორია გარანტია თქვენ ძალიან კარგად იცით, უამრავი შემთხვევაა, როცა ადამიანმა ფული მოიგო და არ აძლევენ და ამ შემთხვევაში შეზღუდვა უცხოურ საიტებზე წვდომისა, ხომ არ არის ლობირების ისეთი ფორმა, რომელიც არის შენიღბული და რომლის გამართლება უნდათ მერე მისაღები ნაწილით, როცა იზღუდება რეკლამა, გარკვეულ ჩარჩოში ექცევა, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები