შანხაიში დაგეგმილ გამოფანაში China International Import Expo (CIIE) მონაწილეობის საშუალება ქართულ კომპანიებს ჯერ კიდევ აქვთ. როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა გადაცემაში ,,საქმიანი დილა“ განაცხადა, რეგისტრაციის ვადა კიდევ 10-12 დღით გაგრძელდა. ,,უკვე 55 განაცხადია, თუმცა მათ საორგანიზაციო ჯგუფი შეარჩევს, ამიტომ, ყველა ვერ მოხვდება ამ მნიშვნელოვან გამოფენაზე, შესაბამისად გვინდა, რაც შეიძლება მეტმა კომპანიამ გამოთქვას მონაწილეობის სურვილი. საქართველოს 600 კვ.მ ფართობის პავილიონი აქვს აღებული და გვსურს ის მაქსიმალურად დაიტვირთოს", - განაცხადა ჩერქეზიშვილმა. მისი თქმით, გამოფენა იმითაა მნიშვნელოვანი, რომ მასზე წარმოდგენილი იქნება 150 ათასამდე მყიდველი, რაც კარგ შანსს აძლევს ქართულ კომპანიებს, გააფორმონ კონტრაქტები.
გამოფენაზე მოსახვედრად ქართულმა კომპანიებმა გარკვეული კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ, პირველ რიგში ესაა პროდუქციის მიწოდების ჯაჭვის უზრუნველყოფა და ხარისხი.
"ძირითად ხარჯებს, რაც დაკავშირებულია სივრცის დაქირავებასთან და პავილიონების მოწყობასთან, სახელმწიფო იღებს საკუთარ თავზე , - მთავარია კომპანიებმა შეძლონ ხარისხობრივი სტანდარტების უზრუნველყოფა. მოლოდინი გვაქვს, რომ ძალიან ბევრი კონტრაქტი უნდა გაფორმდეს. ჩინეთი იმპორტისგაზრდას გეგმავს, ის ხსნის ბაზარს და იმ პირობებში, როცა ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს გამოფენა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რათა ქართულმა კომპანიებმა შეძლონ პოზიციონირება და პროდუქციის შეტანა“-აღნიშნა ჩერქეზიშვილმა.
ჩინეთის ქალაქ შანხაიში China International Import Expo (CIIE) 5-დან 10 ნოემბრის ჩათვლით უნდა გაიმართოს.