საქართველოში კედების მწარმოებელი კომპანია გაიხსნა, რომელიც პრემიუმ ხარისხის კედებს Cortex -ის ბრენდით ამზადებს. მცირე საწარმოში, სადაც ათამდე ადამიანია დასაქმებული, კედების თითოეულ მოდელს ხელით ქმნიან. პროდუქცია ნატურალური ტყავისგან იკერება. ამჟამად კედებს ონლაინ მაღაზიის - Cortex.ge მეშვეობით ყიდიან, თუმცა სამომავლოდ დამფუძნებლები ბრენდული მაღაზიის შექმნას გეგმავენ.
"განვიხილავთ ბრენდული მაღაზიის გახსნას, შესაძლოა, კედები თავდაპირველად სავაჭრო ცენტრებში წარვადგინოთ, სამომავლოდ კი ექსპორტზე გატანასაც ვგეგმავთ. ივლისში ნაჭრის კოლექციას დავამატებთ, რომელიც ძალიან კარგი ხარისხის მასალისგან შეიკერება. ასევე, სექტემბრისთვის ვაპირებთ საბავშვო ხაზის წარმოებასაც, გარდა ამისა, გვექნება საოჯახო სერიები სპეციალური შეთავაზებით“ - განაცხადა Cortex -ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დიანა ველენგურსკაიამ.
როგორც კომპანიის მეორე დამფუძნებელი, გიორგი დიდიძე განმარტავს, პროდუქცია ვერ იქნება მასიური წარმოების, რადგან საწარმო მცირე მოცულობისაა. გარდა ამისა, Cortex-ის დამფუძნებლები გათვლას თავიდანვე მაღალხარისხიან პროდუქციაზე აკეთებდნენ.
"პროდუქცია პრემიუმსეგმენტზეა გათვლილი, რადგან თოთოეული მოდელი ხელით, მაღალი ხარისხის ნედლეულით იკერება. მასობრივი პროდუქციის შექმნა ჩვენთვის ფუიზიკურად შეუძლებელია, რადგან საწარმოც მცირე მოცულობისაა.
ნედლეული იტალიიდან და თურქეთიდან შემოგვაქვს, ასევე საქართველოდან გვყავს ტყავის მომწოდებლები, კერძოდ რუსთავის ტყავის ქარხანა. მინდა ავღნიშნო, რომ ქართველი მომწოდებლები, საკმაოდ მაღალი ხარისხის ნედლეულს აწარმოებენ, რომელიც იმპორტულ ტყავს არაფრით ჩამოუვარდება“ - განაცხადა გიორგი დიდიძე.