მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქონების რა ნაწილს უტოვებს ბილ გეიტსი შვილებს მემკვიდრეობის სახით?

ბილ გეიტსის ოჯახი

ბილ გეიტსი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, უდიდესი ქველმოქმედის სიაშიც არის. ბილის მიერ Microsoft-ის დაფუძნებით დაგროვილი კაპიტალის უდიდეს ნაწილს ის “გეიტსების ფონდს” უტოვებს, რომელიც ყველაზე დიდი საქველმოქმედო ორგანიზაციაა მსოფლიოში და, უმეტესწილად, საყოველთაო ჯანდაცვის და დაავადებების აღმოფხვრის საკითხზე მუშაობს. გასულ წელს, ფონდის ბიუჯეტმა $8.6 მილიარდი, აქტივების მოცულობამ კი $77 მილიარდი შეადგინა. დროსთან ერთად, ბილ გეიტსი ფონდს უფრო და უფრო დიდ თანხებს შესწირავს.

პარალელურად ამისა, საზოგადოებას ყოველთვის აინტერესებს, თუ რა თანხას უტოვებენ მილიარდერები მათ ოჯახს. ამ თემაზე, ბილ გეიტსმა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა და განაცხადა, რომ თითოეულ შვილს მემკვიდრეობის სახით ერთ მილიარდ დოლარს დაუტოვებს, რაც მისი ჯამური ქონების 1%-ზე ნაკლებია. ამ გადაწყვეტილებას მილიარდერი შვილების მიერ საკუთარი გზის პოვნის აუცილებლობით ხსნის.

“ჩემი აზრით, ეს საკითხი თითოეულმა ჩვენგანმა თავად უნდა გადაწყვიტოს. ჩემი შვილები კარგ გარემოში გაიზარდნენ და შესანიშნავი განათლება მიიღეს, მაგრამ თითოეულ მათგანს ჩემი ქონების ერთ პროცენტზე ნაკლებს ვუტოვებ, რადგან ვფიქრობ, რომ სხვა შემთხვევაში კარგ სამსახურს ვერ გავუწევ. ეს ხომ დინასტია არ არის და არც Microsoft-ის მართვას ვთხოვ, პირიქით, მინდა მივცე შანსი, დიდ შემოსავალს და წარმატებას თავად მიაღწიონ. მინდა, მნიშვნელოვანი ადამიანები იყვნენ და არ მოექცნენ იმ დიდი ბედისწერის ჩრდილში, რომელიც მე მხვდა წილად.

ოჯახები ამ საკითხს განსხვავებულად უყურებენ. ადამიანები, რომელთაც ფული ტექნოლოგიებით იშოვეს, დინასტიების შექმნით ნაკლებად ინტერესდებიან და პირიქით, საკუთარი ფულის დიდ ნაწილს ქველმოქმედებას ახმარენ. აქ ორი მსოფლმხედველობაა — შეგიძლია გასცე გაპიტალი ან ამონაგები. მე, რასაკვირველია, ყველა ტიპის ფილანთროპია მიყვარს, მაგრამ ტექნოლოგიური სექტორი სავარაუდოდ ყველაზე მიმღებელია იმ იდეის, რომ ქონება სრულად უნდა გასცე”, — განაცხადა ბილ გეიტსმა რაჯ შამანის პოდკასტში.

ბილ გეიტს სამი შვილი ჰყავს. უფროსი ჯენიფერ ქეთრინ გეიტსია, რომელიც პროფესიით ცხენოსანია, განათლებით კი ბიოლოგი და ექიმი. 2021 წლის ოქტომბერში, ჯენიფერ გეიტსი ეგვიპტური წარმოშობის ამერიკელ ცხენოსანზე, ნაიელ ნასარზე დაქორწინდა, ხოლო დღეს წყვილს ორი შვილი ჰყავს. ბილ გეიტსის სიძე გამორჩეული ათლეტია, რომელსაც არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული.

ბილ გეიტსის შუათანა შვილი მისი ერთადერთი ვაჟია, რომელსაც რორი ჯონ გეიტსი ჰქვია. მის დებთან, ჯენიფერთან და ფიბისთან შედარებით, რორი მეტად პირადულად ცხოვრობს და კამერებთან იშვიათად ჩნდება. ის “ჩიკაგოს უნივერსიტეტის” კურსდამთავრებულია, სადაც ინგლისური ფილოლოგია შეისწავლა.

ბილ გეიტსის უმცროსმა ქალიშვილმა, ფიბი ადელ გეიტსმა გასულ წელს “სტენფორდის უნივერსიტეტი” დაამთავრა, აგრეთვე ბიოლოგიის მიმართულებით, მაგრამ მოგვიანებით ბიზნესში გადაეშვა და მდგრადი მოდის ბრენდი Phia დააფუძნა. მოგვიანებით, ფიბი გეიტსმა პოდკასტი დაიწყო, სახელწოდებით The Burnouts, რომელშიც ის მის ბიზნესპარტნიორთან ერთად სიმდიდრეში აღზრდის სირთულეებს განიხილავს… მემკვიდრეობის და სიმდიდრეში შვილების აღზრდის თემაზე, სხვათა შორის, რაჯ შამანის პოდკასტში გაკვრით ბილ გეიტსმაც ისაუბრა.

“მნიშვნელოვანია, თქვენმა შვილებმა იგრძნონ სიყვარული, სითბო და ზრუნვა, რომელიც მათ მიმართ გაქვთ, ასე რომ თქვენი ფილოსოფიის წარმოჩენა ნაადრევი ასაკიდანვე არის აუცილებელი. აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ თითოეულ მათგანს თანასწორად აღიქვამთ და უდიდეს შესაძლებლობებს მისცემთ, მაგრამ დასძინოთ, რომ ამ ფულის გამოყენების ყველაზე აღმატებული გზა — ყველაზე დიდი საჭიროებების წინაშე მყოფი ადამიანების დახმარებაზე გადის, ფონდის გავლით. “გეიტსების ფონდის” წარმატებას თავადაც ხედავენ და ამაყობენ კიდეც… იცით, მინახავს შემთხვევები, როცა შვილები მშობლებს სთხოვენ, ქველმოქმედებისთვის მეტი ფული გამოყონ. ახალი თაობის წარმომადგენლები, სხვათა შორის, საკმაოდ ხშირად ეწინააღმდეგებიან იდეას, რომ სიმდიდრე თაობიდან თაობას უნდა გადაეცემოდეს, მაგრამ ყველა ოჯახი თავისებურია”, — ამბობს ბილ გეიტსი რაჯ შამანის პოდკასტში.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ სხვა ქველმოქმედ მილიარდერებზე, რომლებიც პლანეტაზე, საბედნიეროდ, უხვად არიან. ამერიკული Forbes-ის დათვლებით, მსოფლიოს უდიდესმა ქველმოქმედებმა გასულ წელს სხვადასხვა პროექტებზე $150 მილიარდზე მეტი დახარჯეს. ამ სიაში პირველ ადგილს Berkshire Hathway-ის დამფუძნებელი, უორენ ბაფეტი იკავებს, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში ჯანდაცვის, განათლების და თანასწორობის განვითარებისკენ ორიენტირებულ ინიციატივებზე არასრული $57 მილიარდი დახარჯა. მეორე ადგილს ბილი და მელინდა გეიტსები იკავებენ, რომელთა ჯამური კონტრიბუცია $42.5 მილიარდია. მესამე ადგილს $21-მილიარდიანი კონტრიბუციით ჯორჯ სოროსი იკავებს, მეოთხეზე კი Bloomberg-ის დამფუძნებელს და ნიუ-იორკის ყოფილ მერს, მაიკლ ბლუმბერგს ვხვდებით, რომელმაც ცხოვრების განმავლობაში $17.4 მილიარდი გასცა. ხუთეულში ბოლო ადგილს ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტი იკავებს, რომელმაც 2019 წლის შემდეგ ქველმოქმედებას $19 მილიარდზე მეტი მოახმარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები