თბილისში, სასაფლაოების საკითხს დედაქალაქის მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივით დაარეგულირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, როგორც კერძო, ისე მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით სიტუაცია მოუწესრიგებელია და აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს.
„პრობლემური საკითხია და მოსაწესრიგებელია სიტუაცია სასაფლაოების კუთხით. ამ მხრივ, გვაქვს სრული ქაოსი, რადგან ხშირია შემთხვევები, როცა სასაფლაოების მოვლა-პატრონობის და მოწყობის პრობლემა დგას. ასევე, ხდება უკანონოდ მიწების დატაცება და შემდეგ მათი გამოყენება სასაფლაოების მოსაწყობად. ეს შეიძლება იყოს როგორც კერძო საკუთრება, ისე - მუნიციპალიტეტის კუთვნილი მიწები. ეს საკითხი აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. ასევე, ხშირია საფლავზედა კონსტრუქციების უნებართვო მოწყობა; ეს ყველაფერი რომ მოვაგვაროთ, ამისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელსაც ვამზადებთ და უახლოეს მომავალში მოხდება ამ ყველაფრის ინიცირება პარლამენტში“, - განაცხადა კახა კალაძემ.