მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნები, რომლებიც კოსმოსის ათვისებაში დომინირებენ

კოსმოსი

21-ე საუკუნე კოსმოსის ათვისების ახალი ეპოქაა, რადგან ტექნოლოგიური გარღვევების, სახელმწიფოების ამბიციებისა და კერძო ინვესტიციების თანხვედრა კაცობრიობას კოსმოსში ყოფნის ახალ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

გასულ წელს, გლობალური კოსმოსური ეკონომიკა დაახლოებით 596 მილიარდად იყო შეფასებული, თუმცა ვარაუდობენ, რომ 2035 წლისთვის ის 1.8 ტრილიონ დოლარს გადააჭარბებს.

წლებთან ერთად ქვეყნები კოსმოსის მნიშვნელობას კიდევ უფრო აცნობიერებენ, შესაბამისად, იზრდება მთავრობების მხრიდან განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა.

ქვეყნებს შორის, რომლებიც კოსმოსში ყველა მეტ ინვესტიციას ახორციელებენ ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერ პოზიციას არავის უთმობს. NASA-ს ბიუჯეტი 2025 წლისთვის 25.4 მილიარდ დოლარს აღწევს და მოიცავს მთვარისა და მარსის მისიებს, სატელიტურ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვითი მიმართულებების განვითარებას.

შტატების შედეგებს ფაქტობრივად მიუახლოვდა ჩინეთიც. ბოლო მონაცემებით, ქვეყნის 2023 წლის კოსმოსური ბიუჯეტი 18 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ქვეყნის ძირითადი ფოკუსი კი მთვარის პროგრამები და სატელიტური ქსელებია.

ჩინეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტს ჩამორჩება თუმცა დადებითი ტენდენციით ხასიათდება ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინვესტიციები. სააგენტომ 2024 წელს 7.79 მილიარდი ევრო გამოყო, რაც ევროპის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ გადადგმული სტრატეგიული ნაბიჯია.

გლობალურ ასპარეზზე აქტიურ მოთამაშედ ინდოეთი ყალიბდება. ინდოეთის კოსმოსური კვლევის ორგანიზაციის (ISRO) ბიუჯეტი 2024 წელს 8.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025 წლისთვის კი 13 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

კოსმოსური ინდუსტრია დღეს მხოლოდ სახელმწიფოების საზრუნავი აღარ არის. კერძო კომპანიები ახალი რისკებით და შესაძლებლობებით კოსმოსურ თამაშის წესებს ცვლიან.

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის, ილონ მასკის SpaceX-მა, რომლის საბაზრო ღირებულება 350 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მხოლოდ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსგან დაახლოებით 5.9 მილიარდის კონტრაქტები მოიპოვა. კომპანიის წვლილი კოსმოსში კომერციულ გაშვებებსა და სახელმწიფო უშიშროებაში გადამწყვეტია.

კოსმოსის ათვისებაში თავისი წვლილის შეტანას, მილიარდერი ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin აგრძელებს. Blue Origin-მა 3.4 მილიარდი დოლარის NASA-ს კონტრაქტი მოიპოვა. კომპანია Artemis V მისიაში მიიღებს მონაწილეობას.

კოსმოსის ახალი რბოლა მხოლოდ ტექნოლოგიური შეჯიბრი აღარ არის — ის მსოფლიო გეოპოლიტიკაზე პირდაპირ გავლენას ახდენს. მაგალითად, აშშ-სა და ჩინეთს შორის არსებული კონკურენცია ინვესტიციების ზრდას განაპირობებს.

ნათელია ევროპის მიზანიც. ევროპის დამოუკიდებელი კოსმოსური შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ამერიკასა ან ჩინეთზე დამოკიდებულებას, ამასთან გააძლიერებს კონტინენტის პოზიციას კოსმოსში.

საბოლოოდ, კოსმოსური ინვესტიციები დღეს მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესის, ეკონომიკური ზრდის ან მეცნიერების საკითხი არ არის — ეს არის გლობალური ძალების ბალანსის ახალი ფრონტი, სადაც გამარჯვება მხოლოდ ინოვაციასა და თანამშრომლობაზეა დამოკიდებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები