5 წელი პრეზიდენტად და ერთი ბიზნეს-კამპანია “მოითხვე ქართული”, - ესაა მოკლე ჩამონათვალი და ერთადერთი ბიზნეს-აქტივობა, რომლითაც პრეზიდენტმა ქართულ ბიზნესს თავი დაამახსოვრა.
ამ კამპანიით გიორგი მარგველაშვილი 2017 წელს მოძრაობა KAR.GE-ს და ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ინიციატივას - „იყიდე ქართული“ შეუერთდა.
BM.GE-მ გადაწყვიტა იმ პროექტებისა და აქტივობებისთვის მოეყარა თავი, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ახორციელებდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მარგველაშვილი ბიზნესისა და ეკონომიკური მიმართულებით არც ისე აქტიური იყო:
1. “მოითხოვე ქართული”;
2. ვეტო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე, რომლითაც საბანკო ზედამხედველობის სებ-ისგან გამოყოფა ხდებოდა;
3. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი სტარტაპ-ეკოსისტემის გაუმჯობესებისთვის;
4. დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს შექნა;
იყო შეხვედრებიც, მათ შორის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (2014); ბიზნეს-თანამშრომლობის ასოციაციის როტობო-ს პრეზიდენტთან შეხვედრა (2014), საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრა (2015), შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრა (2016) და ა.შ.
სხვადასხვა პერიოდში აქტიურობდნენ პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩევლებიც გიორგი აბაშიშვილი და მაია მელიქიძე, თუმცა პრეზიდენტის და ადმინისტრაციის აქტივობა ეკონომიკური და ბიზნეს მიმართულებით განსაკუთრებით მაშინ შენელდა, როდესაც ადამინისტრაციაში ეკონომიკური მრჩევლის თანამდებობა გაუქმდა.
არც მედიას და არც ბიზნესს არ ახსოვს, პრეზიდენტის არც შეხვედრები და არც განცხადებები, ისეთ აქტუალურ ბიზნეს და ეკონომიკურ თემებზე, როგორიცაა საპენსიო რეფორმა ან ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის რეგულაციები...
სამაგიეროდ, ბიზნესს ახსოვს პრეზიდენტის პოზიცია მაშინ, 2015 წელს გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების წესის აკრძალვასთან დაკავშირებულ კანონ-პროექტს მიუხედავად ბიზნეს საზოგადოების პროტესტისა. აღსანიშნავია, რომ მაშინ პარლამენტში დაწერილი ამ კანონპროექტის წინააღმდეგი იყო იუსტიციის სამინისტრო, შს სამინისტრო, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატი.
რატომ არი იყო აქტიური პრეზიდენტი ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებით?!
ამ კითხვით BMG-GE-მ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართა და მათ პოზიციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები ეკონომიკური და ბიზნესის კუთხით , მას გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას არ აძლევდა, მაგრამ არც აქტივობისგან ზღუდავდა.
ასევე საინტერესოა, რაში იხარჯებოდა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხები.
შეგახსენებთ: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების ფინანსური აუდიტის თანახმად, 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.
როგორც მაშინ აუდიტის სამსახურში აცხადებდნენ , დანამატების შემთხვევაში არ იყო დაკონკრეტებული, თუ რატომ გაიცა ის. დანამატის გაცემას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა. აუდიტის სამსახურში მაშინ მიაჩნდათ, რომ ხარჯები დასაბუთებული უნდა ყოფილიყო.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები და შენიშვნები ჰქონდა 2017-ში, ახალ წელს ჩატარებულ ღონისძიებაზეც, რაშიც ადმინისტრაციამ თითქმის ნახევარი მილიონი დახარჯა და ღონისძიება მხოლოდ ერთ კომპანიას შეუკვეთა.
ცნობისთვის: გიორგი მარგველაშვილმა 2013-2017 წლებში, პრეზიდენტის პოსტზე 336,853 ლარის და 37 თეთრის შემოსავალი მიიღო. ის საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს.