BP–ის დირექტორი საქართველოში კრის შულტერი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტის მიმდინარეობაზე bm.ge-სთან საუბრობს.
მისი თქმით, 4 წლის განმავლობაში აშენდა 2 საკომპრესორო სადგური, ერთი გარდაბანთან ხოლო მეორე წალკის ზევით. ასევე სადგურები აშენდა ვალესა და ახალციხეში.
„შეთანხმებას 2013 წლის დეკემბერში მოეწერა ხელი, როგორც იცით, და უკვე რამდენიმე თვეში შაჰ დენიზი 2-ის პროექტის განხორციელება დაიწყო. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში ავაშენეთ 2 საკომპრესორო სადგური, ერთი გარდაბანთან ხოლო მეორე წალკის ზევით. ასევე სადგურები აშენდა ვალესა და ახალციხეში. თურქეთის საზღვართან არსებული სადგური, ისევე როგორც გარდაბნის სადგური, უკე მოქმედია და ფუქნციონირებს, რაც შეეხება წალკის სადგურს, ჩვენ გეგმას მივყვებით და ახლა სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე ამ წლის ბოლოსთვის ყველა ობიექტი იქნება დასრულებული და სრული დატვირთვით იმუშავებს. ასევე მინდა აღვნიშნო მილსადენი, რომელიც რუსთავის გზაზე გადის, აღნიშნული მილსადენიც წარმატებით ფუქნციონირებს დღეს. ზოგადად სამხრეთკავკასიის გაზსადენის პროექტის მნიშვნელობა საქართველოსთვის ძალიან დიდია სხვადასხვა თვალსაზრისით. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს არის ერთადერთი თუ არა, ერთერთი ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი რომელიც ხორციელდება მსოფლიოს მასშტაბით. ეს პროექტი მასშტაბურია ინვესტიციის მოცულობის თვალსაზრისითაც,რადგან საუბარია 40 მილიარდ დოლარზე მეტი თანხის ინვესტიციაზე“,- აცხადებს კრის შულტერი.
მისივე თქმით, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტი ენერგო დივერსიფიცირებას უზრუნველყოფს.
„დღესდღეობით ტენდენცია ისეთია, რომ მსოფლიო გადადის გაზის მოხმარებაზე უმეტესწილად და უპირატესობაც სწორედ აღნიშნულ ენერგორესურსს ენიჭება, შესაბამისად, ჩვენც მივყვებით ამ ტენდენციებს ფეხდაფეხ, გარდა იმისა, რომ ცხადია, კომპანია ასევე წარმატებით საქმიანობს ნავთობისა და განახლებადი ენერგიების მიმართულებით. სიტუაცია ბოლო პერიოდში ისე შეიცვალა, რომ თუ ადრე კომპანია გაზისა და ნავთობის მიმართულებით თანაბრად პოზიციონირებდა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნის ზრდის გამო გაზის მიმართულებით სამუშაოები ჭარბობს კომპანიაში. როდესაც სამხრეთკავკასიის გაზსადენის პროექტზე და მის გაფართოებაზე ვსაუბრობთ არ უნდა დაგვავიწყდეს ის სიკეთეები და სარგებელი, რომლებიც მას მთლიანად რეგიონისთვის მოაქვს, მხოლოდ საქართველოში როგორც უკვე აღვნიშნე დამატებით 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა უკვე. ეს არის დამატებითი სამუშაო ადგილები და დამატებითი ბუნებრივი აირის რესურსი საქართველოსთვის”,- აცხადებს კრის შულტერი.