"თავს ვალდებულად ვთვლი, გუნდს მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება გავაკეთო სწორედ ჯანდაცვის მიმართულებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დასაბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ის ამბობს, რომ მინისტრის თანამდებობა "საკმაო პერიოდის" განმავლობაში ეკავა და მის პოზიციაზე ახალი ენერგია იყო საჭირო.
„მინისტრობის დროს ინტენსიურად დავინტერესდი და ჯანდაცვის მინისტრების პროფესიული სიცოცხლის ხანგრძლივობა არის მაქსიმუმ 3-4 წელი, სულ ორი გამონაკლისი იყო, მე კი, 7 წელი გამომივიდა და ვფიქრობ, ახალი ენერგია იყო საჭირო ამ პოზიციაზე. პარლამენტარის პოზიცია სხვა არის და მუშაობის პრინციპიც განსხვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში პარტიები გუნდურობის პრინციპით არიან წარმოდგენილი, მე ჩემი კონკრეტული მიმართულება მაქვს. მე არასოდეს მინახავს ბოლო წლებში პოლიტიკური პარტია, რომელმაც ასეთ სიმაღლეზე აწია ჯანდაცვის სისტემა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი, ასეთ გუნდს მხარში ამოვუდგე და ფოკუსირება გავაკეთო სწორედ ამ მიმართულებით“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.