საქართველოს ექსპრემიერის, საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელ ნიკა გილაურის აზრით, ახლა საქართველოს განვითარებისთვის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები სჭირდება.
„ახალი არჩევნების დანიშვნას უნდა დაესვას წერტილი“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.
Reformatics-ის დამფუძნებლის განცხადებით, აბსურდია „ქართული ოცნების“ მოლოდინი იმის თაობაზე, რომ 20 იანვრის - დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, დასავლეთთან ურთიერთობები გადაიტვირთება.
- ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები ერთმანეთს ამხნევებენ და სავარაუდოდ, ატყუებენ, რომ აგერ ტრამპი მოვა და 20 იანვრიდან ყველაფერი კარგად იქნება. ეს ჩანს ამ დე ფაქტო მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან, რომ თითქოს „ყველაფერი იქნება კარგად, რადგან 20 იანვრიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა“ და ა.შ. ეს არის სრული აბსურდი. არ შეიძლება, დემოკრატიული ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭიროს ვენესუელის, ირანის ან რუსეთის ტიპის სახელმწიფო წყობას. ორი კვირის წინ შეხვედრები მქონდა ვაშინგტონში, სენატორებთან და საქართველოს არჩევნები შეადარეს ვენესუელის არჩევნებს. ამდენად, შეუძლებელია ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭიროს და აღიაროს დღევანდელი ქართული მთავრობა, რომელიც ძალიან წააგავს ვენესუელის მთავრობას. საქართველოს ექსპრემიერის, საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელ ნიკა გილაურის აზრით, 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“ პუტინისგან შექება მოიგო.
- რა მოიგო ბიძინა ივანიშვილის „ოცნებამ“ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით?
- პუტინისგან შექება მოიგო... ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთი გამარჯვება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 28 ნოემბრის განცხადებით - [2028 წლამდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი]... პუტინი იყო „ოდეკაბეზე“ [კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია] ყაზახეთში. უკვე მაშინ სირიაში პრობლემები ჰქონდა, მოლდოვაში არჩევნები ჰქონდა წაგებული, რუმინეთშიც მისი კანდიდატი ვითომ პირველ ადგილზე გავიდა, მაგრამ დაუბლოკეს და რაღაც გამარჯვების ჩვენება სჭირდებოდა და ეს გამარჯვება აჩვენებინეს ირაკლი კობახიძის განცხადებით.
- ეს იყო „ქართული ოცნების“ დავალება, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან მიიღო?
- ამას ნამდვილად ვერ დავამტკიცებთ. ეს არის უბრალოდ გარკვეული ანალიზის შედეგად გაკეთებული მიმოხილვა. სხვა ახსნას მე ვერ ვხედავ.