პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა მინისტრის კანდიდატად დღეს დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი წარადგინა. ის ამ პოზიციაზე ილია დარჩიაშვილს შეცვლის. ბოჭორიშვილი მეათე მოწვევის პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა, იქამდე კი 2018-2020 წლებში ბელგიაში საქართველოს ელჩის პოსტს იკავებდა. სამუშაო ბიოგრაფიის თანახმად, ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურებში 1999 წლიდან საქმიანობს.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მაკა ბოჭორიშვილი დიღომში, გივი ძნელაძის ქუჩაზე ფლობს 1000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 392 კვადრატული მეტრის სახლს, ასევე წავკისში 1498 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს, თბილისში ვერაზე ნათია ბაშალეიშვილის ქუჩაზე 109 კვადრატული მეტრის ფართის ბინას, ასევე თბილისში კრწანისში 65 კვადრატული მეტრის ბინას და თბილისში, ვერაზე თარხნიშვილის ქუჩაზე 58 კვადრატული მეტრის ფართის ბინას.
საბანკო ანგარიშებზე ბოჭორიშვილი უთითებს 8 ათას დოლარს და 2 ათას ევროს. მაკა ბოჭორიშვილი კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მიღებული ანაზღაურების სახით 53,004 ლარს უთითებს.
მაკა ბოჭორიშვილი ქონებრივ დეკლარაციაში მსხვილ ხარჯად უთითებს იპოთეკური კრედიტის მომსახურებისთვის გადახდილ 13,290 დოლარს, ხოლო მსხვილი შემოსავალი იყო ერთ-ერთი ბინის გაქირავებით მიღებული 27,600 დოლარის შემოსავალი.
საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობაში ცვლილებებია.
პოსტებს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ტოვებენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას მაკა ბოჭორიშვილი დაიკავებს; საქართველოს იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მორიგი მინისტრი დავით სონღულაშვილი გახდება.
აღსანიშნია, რომ უკვე არსებული ინფორმაციით ახალი მთავრობის პირობებში სიახლე ის იქნება რომ კულტურის სამინისტროს სპორტის სამინისტრო გამოეყოფა და ორ უწყებას ახალი მინისტრები ეყოლება. სპორტის მინისტრის პოსტს შალვა გოგოლაძე, ხოლო კულტურის მინისტრის პოზიციას თინათინ რუხაძე დაიკავებენ. ახალი მთავრობა 13 უწყებით იქნება წარმოდგენილი.