Radisson Hotel Group-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში ტურიზმის მინისტრის დანიშვნის იდეით გამოდის. იორდი კუიჯთის განცხადებით, ასეთი პრაქტიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში კარგად მუშაობს და საქართველოში ამ თანამდებობის შექმნა სხვა საფეხურზე აიყვანდა ტურიზმის განვითარებას.
"ამ შემთხვევაში ტურიზმი რუკაზე სერიოზულ ადგილს დაიკავებდა უკვე პოლიტიკურ დონეზეც",- აცხადებს სასტუმროების ქსელის გენერალური მენეჯერი.
მისივე თქმით, საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მთავარი გამოწვევა დაკავშირებულია არა იმდენად ინვესტიებთან, რამდენადაც სერვისის ხარისხთან.
"საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ძალიან დიდი ისტორია აქვს, მაგრამ ახლა ამას პროფესიონალურად უნდა მიუდგეთ, რაც პირველ რიგში განათლებიდან მოდის. საქართველოში არსებული მდგომარეობა ამ მხრივ ჯერჯერობით არ აკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ამიტომ სასტუმროებს ინდივიდუალურად უწევთ თანამშრომლების გადამზადება. ამ პროცესებს დააჩქარებდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნესის მეტი თანამშრომლობა.
ამ მომენტისთვის სასტუმროში ჩვენ ყველა ჩვენს თანამშრომელს ვამზადებთ და როგორც საერთაშორისო კომპანიას ამის შესაძლებლობა გვაქვს. ვაპირებთ სასტუმროს გახსნას წინანდალშიც და ვხედავთ, რომ იქ მართლაც ძირეულად მოგვიწევს თანამშრომლების გადამზადება",- აცხადებს სასტუმროების ქსლის მენეჯერი.