იმ დროს, როცა Airbus-ის პირდაპირი კონკურენტი, ამერიკული Boeing-ი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, ევროპულმა კონსორციუმმა დამკვეთებს 766 თვითმფრინავი ჩააბარა, რითაც ლიდერის წოდება შეინარჩუნა.
როგორც კომპანიის განცხახებაში ვკითხულობთ, Airbus-ი მცირედით ჩამორჩა გეგმას, ხოლო წლიური ზრდის მაჩვენებელი ფაქტობრივად განახევრდა და გასულ წელს 4% შეადგინა, რაც მიწოდების ჯაჭვებში არსებულ ხარვეზებს უკავშირდება.
კონკრეტულად რამდენი თვითმფრინავი გაყიდა Boeing-მა 2024 წელს, ჯერჯერობით, უცნობია, რადგან ფინანსური შედეგები კომპანიას ჯერ არ გაუსაჯაროებია. Boeing-ის წინა მონაცემებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ამერიკული კომპანია მის ევროპულ კონკურენტს მნიშვნელოვნად ჩამორჩება, რაც Boeing-ის მენეჯმენტში არსებულ სისტემურ პრობლემებს და უდიდესი ისტორიის მქონე კორპორაციის რეპუტაციის გაფუჭებას უკავშირდება. თუ 2024 წელს Airbus-ის კლიენტებმა 826 თვითმფრინავი შეუკვეთეს, ნოემბრის ბოლოსთვის Boeing-ში მხოლოდ 370 შეკვეთა იყო შესული.
შეგახსენებთ, რომ Boeing-ი და Airbus-ი თვითმფრინავების წარმოების სექტორის უდიდესი გლობალური მოთამაშები არიან, რომელთაც ბაზარზე ოლიგოპოლია აქვთ. სამგზავრო თვითმფრინავების კუთხით მესამე მოთამაშე ბრაზილიური Embraer-ია, მაგრამ ტიტანებს ინვესტორები ბრაზილიურ კომპანიაზე დაახლოებით 20-ჯერ უფრო ძვირად აფასებენ. დღეს, Airbus-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $130.8 მილიარდია, როცა Boeing-ის შეფასება $128.5 მილიარდის ტოლია.